რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უნდათ არჩევნების ჩაშლა და კოზირი შესაძლო მოლაპარაკებებისთვის – პუტინი სასაზღვრო რეიდებზე

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთის საზღვარზე უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსული მოხალისეობრივი ჯგუფების რეიდებზე სამთავრობო-პროპაგანდისტულ  მედიასთან კომენტარი გააკეთა.

პუტინი ამ ქვედანაყოფების რეიდებს უკრაინის კონტრიერიშის წარუმატებლობით ხსნის.

"ახსნა ძალიან მარტივია. ეს ყველაფერი ხდება შეხების ხაზზე, ფრონტის ხაზზე წარუმატებლობის გამო. არცერთი მიზანი, რომელიც გასულ წელს დაისახეს, მიღწეული არაა." – თქვა პუტინმა.

პუტინის თქმით, ეს ჯგუფები ცდილობენ, რომ არჩევნების პროცესს, რომელიც 15-17 მარტს გაიმართება, ხელი შეუშალონ. ამას გარდა, მას მიაჩნია, რომ რეიდებით სურთ დაიკავონ მიწები, რომლებსაც შესაძლო მოლაპარაკებების დროს სავაჭროდ გამოიყენებენ.

"მთავარი მიზანი, ამაში ეჭვი არ მეპარება, არის ის, რომ თუ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებს ვერ ჩაშლიან, მაშინ რამენაირად მაინც შეუშალონ ხელი მოქალაქეების მიერ ნების გამოხატვის ნორმალურ პროცესს. ეს პირველი. მეორეც - ეს არის საინფორმაციო ეფექტი, რომელიც უკვე ვახსენე. თუმცა მესამე - რამე მაინც რომ გამოუვიდეთ, მიიღონ რაიმე შანსი, რაიმე არგუმენტი, რაიმე კოზირი მომავლის შესაძლო მოლაპარაკებების პროცესისთვის [რომ გვითხრან]: ჩვენ ამას დაგიბრუნებთ თქვენ კი ეს დაგვიბრუნეთო." – თქვა ვლადიმირ პუტინმა.

12 მარტის გამთენიისას უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეობრივმა დანაყოფებმა: ლეგიონმა რუსეთის თავისუფლებამ, რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა და ციმბირის ბატალიონმა გაავრცელეს ცნობები, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შევიდნენ. ეს ინფორმაცია გავრცელებული იყო ტელეგრამ-არხებზეც. პროუკრაინულმა ჯგუფებმა შეტაკებებისთვის ჯავშანტექნიკაც გამოიყენეს. გავრცელდა კადრები, სადაც, სავარაუდოდ, მათი ტანკების რუსეთის ტერიტორიაზე გადაადგილებაც ჩანდა.

შეტაკებები ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში მოხდა. ლეგიონ რუსეთის თავისუფლებაში ამბობდნენ, რომ მათ კურსკის ოლქში საზღვრის გარღვევაც შეძლეს. ოლქის გუბერნატორის მტკიცებით, იყო შეტაკებები, თუმცა მოწინააღმდეგემ საზღვარი ვერ გაარღვია.

პროუკრაინულმა ჯგუფებმა რეიდები რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების დაწყებიდან 3 დღით ადრე დაიწყეს. ხმის მიცემის პროცესი 15-17 მარტს გაიმართება. არჩევნებში ვლადიმირ პუტინს რეალური კონკურენტი არ ჰყავს.

კომენტარები