რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

РДК ბელგოროდისა და კურსკის მოსახლეობას: დატოვეთ რეგიონი, საათ-ნახევარში ვიწყებთ დარტყმებს

რუსული მოხალისეთა კორპუსის მეთაური დენის კაპუსტინი
armyinform.com.ua

რუსული მოხალისეთა კორპუსის (РДК) მეთაური დენის კაპუსტინი (ნიკიტინი) ბელგოროდისა და კურსკის ოლქების მოსახლეობას დიდი დასახლებული პუნქტების დატოვებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ვიდეომიმართვის გავრცელებიდან საათნახევარში ამ რეგიონებში მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმებს დაიწყებენ.

"გუშინ რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა, ციმბირის ბატალიონმა და ლეგიონმა რუსეთის თავისუფლებამ გააკეთეს ერთობლივი განცხადება. მივმართეთ კურსკისა და ბელგოროდის მაღალჩინოსნებსა და ხელისუფლებას. ყოველდღიურად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან მასობრივი დარტყმები მიაქვთ უკრაინის მშვიდობიან ქალაქებსა და სოფლებზე, იღუპებიან მშვიდობიანი ქალები, ბავშვები და მოხუცები. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გავაფრთხილეთ კურსკისა და ბელგოროდის მოსახლეობა, რომ მივიტანთ საპასუხო დარტყმებს. ჩვენ იძულებული ვართ გავცეთ პასუხი და მივიტანოთ საპასუხო დარტყმები ამ რეგიონების ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე. ამ ოლქების მეთაურებმა უგულებელყვეს ჩვენი გაფრთხილება, არ დაუწყიათ კურსკისა და ბელგოროდის მოსახლეობის ევაკუაცია. ამიტომაც, ამ რეგიონების მცხოვრებლებს პირდაპირ მივმართავ: დაიყოვნებლივ დატოვეთ კურსკი და ბელგოროდი, ყველა დიდი დასახლებული პუნქტი, ჩვენ გავხსნით ცეცხლს ამ ტერიტორიებზე მდებარე სამხედრო ობიექტების მიმართულებით ამ ვიდეომიმართვიდან საათ-ნახევარში." – თქვა კაპუსტინმა მიმართვაში.

მიმართვა თბილისის დროით 11:14-ზე გავრცელდა.

გასულ დღეს პროუკრაინულმა რუსულმა ქვედანაყოფებმა გაავრცელეს მიმართვა ბელგოროდისა და კურსკის ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ, რომ ევაკუაცია დაეწყოთ.

12 მარტის გამთენიისას უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეობრივმა დანაყოფებმა: ლეგიონმა რუსეთის თავისუფლებამრუსულმა მოხალისეთა კორპუსმა და ციმბირის ბატალიონმა გაავრცელეს ცნობები, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შევიდნენ. ეს ინფორმაცია გავრცელებული იყო ტელეგრამ-არხებზეც. პროუკრაინულმა ჯგუფებმა შეტაკებებისთვის ჯავშანტექნიკაც გამოიყენეს. გავრცელდა კადრები, სადაც, სავარაუდოდ, მათი ტანკების რუსეთის ტერიტორიაზე გადაადგილებაც ჩანდა.

შეტაკებები ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში მოხდა. ლეგიონ რუსეთის თავისუფლებაში ამბობდნენ, რომ მათ კურსკის ოლქში საზღვრის გარღვევაც შეძლეს. ოლქის გუბერნატორის მტკიცებით, იყო შეტაკებები, თუმცა მოწინააღმდეგემ საზღვარი ვერ გაარღვია.

მოხალისოებრივი ჯგუფების მოქმედების პარალელურად, 13 მარტს რუსეთის რეგიონებზე, 7 სხვადასხვა ოლქში 60-ზე მეტმა დრონმა მიიტანა იერიში.

პროუკრაინულმა ჯგუფებმა რეიდები რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების დაწყებიდან 3 დღით ადრე დაიწყეს. ხმის მიცემის პროცესი 15-17 მარტს გაიმართება. არჩევნებში ვლადიმირ პუტინს რეალური კონკურენტი არ ჰყავს.

სასაზღვრო საბრძოლო მოქმედებებს გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და თქვა, რომ უკრაინელები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლას თუ არა, სულ მცირე, ხელის შეშლას ცდილობენ. მისივე აზრით, მათ სურთ გარკვეული ტერიტორიის დაკავება, რათა მომავალში შესაძლო მოლაპარაკებების დროს გასაცვლელად გამოიყენონ.

კომენტარები