უკრაინა-საქართველო

კობახიძე: არახამიას განცხადება ადასტურებს, რომ რაღაც არ ხდება ისე, როგორც უნდა ხდებოდეს

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე უკრაინის რადის წევრს, ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარეს, დავით არახამიას გამოეხმაურა და მის განცხადებას "გაუგებარი" უწოდა. კობახიძის თქმით, არახამიას განცხადება "ამყარებს რწმენას, რომ რაღაცეები არ ხდება ისე, როგორც უნდა ხდებოდეს".

"რეალურად, არახამიას განცხადებამ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით ჩვენს განცხადებაში. ეს არის დამოკიდებულება, რომელსაც აჩვენებს კონკრეტულად ეს წარმომადგენელი უკრაინის ხელისუფლების, რაც ძალიან დასანანია, ძალიან სამწუხაროა. ჩვენ ძალიან მყარად ვუჭერთ მხარს უკრაინელ ხალხს, სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინის სახელმწიფოს, რაც არის გამოხატული არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული საქმით - ეს არის 600-ზე მეტი მხარდაჭერილი აქტი, რეზოლუციები და სხვა გადაწყვეტილებები, ეს არის ძალიან ფართო ჰუმანიტარული დახმარება.

როდესაც ასეთ ფონზე კეთდება ასეთი გაუგებარი განცხადებები ეს ამყარებს ჩვენს რწმენას, რომ რაღაცეები არ ხდება ისე, როგორც უნდა ხდებოდეს. თუმცა, უკრაინა დღეს არის ძალიან მძიმე ვითარებაში, უკრაინელი ხალხი არის ომის მდგომარეობაში, ძალიან მძიმე მდგომარეობაა უკრაინაში, აქედან გამომდინარე, ჩვენ პირველ რიგში პატივს ვცემთ, რა თქმა უნდა, უკრაინელ ხალხს და შესაბამისად, არ ვაპირებთ არახამიასთან თუ სხვა პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას." - თქვა კობახიძემ.

12 მარტს დავით არახამია საკუთარ ტელეგრამ-არხზე საქართველოს პროკურატურის მიერ ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნას გამოეხმაურა.

28 თებერვალს გამოქვეყნებული ბუნდესტაგის სხდომის ჩანაწერის მიხედვით, პროცესს უკრაინის გენერალურ პროკურორთან, ანდრეი კოსტინთან ერთად საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილიც ესწრებოდა. ამასთან ერთად, უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისმა 6 მარტს ტელეგრამის გვერდზე გაავრცელა ფოტო, სადაც ანდრეი კოსტინს გერტ იან კომპანთან შეხვედრაზე დელეგაციაში ზურაბ ადეიშვილიც ახლავს.

7 მარტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შეხვედრაში ადეიშვილის მონაწილეობის საკითხზე საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის ელჩი განცხადებას გააკეთებს იმის შესახებ "ცნობილი იყო თუ არა, ვის ხვდებოდნენ ევროკომისიის წარმომადგენლები და მეორე, მას შემდეგ რაც ეს ცნობილი გახდა, რას ეტყვიან ისინი ქართველ ხალხს".

8 მარტს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებით გამოეხმაურა ქართული ოცნების კრიტიკას და დაწერა, რომ უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა.

11 მარტს საქართველოს მთავრობამ ზურაბ ადეიშვილის უკრაინის დელეგაციაში ყოფნაზე ორი განცხადება გაავრცელა - ერთი უკრაინის ხელისუფლების, მეორე კი - ევროკავშირის მისამართით.

საქართველოს მთავრობის შეფასებით, "დასანანი და ღრმად შემაშფოთებელია უკრაინის ხელისუფლების მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომლებიც უხეშად უპირისპირდება ტრადიციულ მეგობრობას, რომელიც ორ ქვეყანასა და ხალხს შორის არის ჩამოყალიბებული". მთავრობა მიიჩნევს, რომ უპირველეს ყოვლისა, ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, "უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ".

ამას გარდა, 11 მარტს საქართველოს პროკურატურამ ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით, გერმანიის და ბელგიის უწყებებს მიმართა.

კომენტარები