საქართველოს მთავრობა

მთავრობა ადეიშვილზე: ანტიევროპულ განწყობებს ხელს უწყობს დამნაშავეების თავისუფალი მიმოსვლა

საქართველოს მთავრობა შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირსა და გერმანიაში გამართული ვიზიტებისა და შეხვედრების გამო, რომლებშიც, უკრაინის დელეგაციაში მყოფი ზურაბ ადეიშვილიც მონაწილეობდა. მათი შეფასებით, ევროკავშირში ზურაბ ადეიშვილის მასპინძლობა "ძირს უთხრის აღქმას, რომ ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის ერთგულია". მთავრობის აზრით, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ცხრა პრიორიტეტიდან პირველივე პრიორიტეტის სულისკვეთებას, რომელიც საქართველოში ანტიევროპული განწყობის გაძლიერების პრევენციას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, საქართველის მთავრობა ირწმუნება, რომ "ანტიევროპული განწყობების გაღვივებას ხელს უწყობს ევროკავშირის ტერიტორიაზე სხვა დამნაშავეებისა და ძებნილების თავისუფალი მიმოსვლა, რომელთა ნაწილზე არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ისინი დღესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ უმძიმეს დანაშაულებრივ ქმედებებში არიან ჩართული".

"ზურაბ ადეიშვილი იყო იმ რეპრესიული რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედი, რომელიც წლების მანძილზე ფეხქვეშ თელავდა დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და სასამართლოს დამოუკიდებლობას საქართველოში. აღნიშნულმა რეჟიმმა მრავალი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა შეიწირა.

ზურაბ ადეიშვილი მსჯავრდებულია ღვინის ქარხნის უკანონო ჩამორთმევის, ტელეკომპანია „იბერიას“ ხელში ჩაგდების, კობა დავითაშვილის გატაცებისა და მასზე სასტიკი ძალადობის, პატიმრების წამების და „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეებზე, ხოლო ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევისა და მიტაცების, 2007 წლის 7 ნოემბრის ძალადობის და ბუტა რობაქიძის მკვლელობის დანაშაულის დაფარვის საქმეებზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ზურაბ ადეიშვილის მასპინძლობა ძირს უთხრის აღქმას, რომ ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის ერთგულია.

შესაბამისად, აღნიშნული მოვლენა პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 9 პრიორიტეტიდან პირველივე პრიორიტეტის სულისკვეთებას, რომელიც საქართველოში ანტიევროპული განწყობის გაძლიერების პრევენციას ითვალისწინებს.

ანალოგიურად, ანტიევროპული განწყობების გაღვივებას ხელს უწყობს ევროკავშირის ტერიტორიაზე სხვა დამნაშავეებისა და ძებნილების თავისუფალი მიმოსვლა, რომელთა ნაწილზე არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ისინი დღესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ უმძიმეს დანაშაულებრივ ქმედებებში არიან ჩართული.

საქართველო არის ერთგული პარტნიორი და აქვს მოლოდინი, რომ მომავალში ევროპული სტრუქტურები და ბიუროკრატია გამოავლენენ მეტ გულისხმიერებას და ერთგულებას იმ ფასეულობების მიმართ, რომლებსაც ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაეფუძნა" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები