საქართველოს მთავრობა

კობახიძე: ლიბერალური ნარკოპოლიტიკა ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გაგრძელებაა

[საქართველოში] სახეზე გვაქვს ნარკოტიკების რეალიზაციისა და მოხმარების ფაქტები, არის დამკვიდრებული ტერმინი - ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, რაც, მე ვიტყოდი, რომ არის იმ იდეოლოგიის გაგრძელება, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას, ანუ ეს არის ამ იდეოლოგიური ხაზის ერთ-ერთ შემადგენელი ნაწილი, რასაც, ვფიქრობთ, რომ უნდა დავუპირისპირდეთ. ეს არ არის იდეოლოგია, რომელიც შეიძლება იყოს მისაღები ჩვენი საზოგადოებისთვის და რომელიც შეიძლება წაადგეს ჩვენს საზოგადოებას.

მე შეგახსენებთ, რომ ნარკოტიკები ანადგურებს არა მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ ანადგურებს ღირებულებებსაც და ეს არის ამ ე.წ. ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომ ახალგაზრდებში განადგურდეს ღირებულებები, რასაც ჩვენ აუცილებლად უნდა დავუპირისპირდეთ. [...] მე მგონია, რომ დაუშვებელია ნებისმიერი ლოიალური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ მომხმარებლებზე, ჩვენ გვჭირდება პირიქით ზრუნვა მომხმარებლებზე იმისათვის, რომ მათ უარი ვათქმევინოთ ნარკოტიკების მოხმარებაზე [...] თუმცა, რაც შეეხება რეალიზატორებს, აქ გვჭირდება მაქსიმალური სიმკაცრე, ეს უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკა.

თქვა მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის 29 თებერვალს გაკეთებული განცხადებით, ქართული ოცნება აპირებს, შეიმუშაოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც "საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს".

კომენტარები