რელიგიური შეუწყნარებლობა

მუსლიმთა სამმართველო ადიგენზე: კატეგორიულად მიუღებელია ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დევნა

კადრი ბათუმელების მიერ გავრცელებული ვიდეოდან

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ადიგენის მუნიციპალიტეტში მომხდარის გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს. 8 მარტს ადიგენის ცენტრში, იუსუფ მიქელაძის საკუთრებასთან დაპირისპირება მოხდა. ვიდეოში, რომელიც გამოცემა ბათუმელებმა გაავრცელა, ჩანს სახლთან შეკრებილი ჯგუფი, მათ შორის მართლმადიდებელი მღვდლები, რომლებიც შენობაში შეკრებილებს ემუქრებიან. კადრებში ჩანან პოლიციელებიც, რომლებიც სახლის გარშემო შეკრებილ ჯგუფს აკავებენ.

"ვგმობთ და კატეგორიულად მიუღებელია ადამიანთა ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დევნა. აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება დაცულია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით. შესაბამისად თითოულმა მოქალაქემ პატივი უნდა ვცეთ როგორც კონსტიტუციას ასევე ერთმანეთის ღირებულებებს, განსხვავებული ეთნოსისა და აღმსარებლობის ადამიანებს.

მივმართავთ სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს, დროულად მოიკვლიონ მომხდარი ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება. იმედს გამოვთქვამთ, სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების რეაგირებით შესაძლებელი გახდება კონფლიქტის მოგვარება, რათა მომავალში აღარ განმეორდეს მსგავსი შემთხვევები, რაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქართულ ტოლერანტულ და შემწყნარებლურ ტრადიციას.

ამავე დროს, მხარეებს მოვუწოდებთ, შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ აყვნენ პროვოკაციებს.

უზენაეს ალლაჰს შევთხოვთ, დამდეგი მადლმოსილი რამაზნის თვის მადლით მშვიდობამ და სტაბილურობამ დაისადგუროს ჩვენს ქვეყანასა და მთელ მსოფლიოში" - წერია განცხადებაში.

ხულოს მუფთის, ასლან აბაშიძის თქმით, შენობაში, რომელიც იუსუფ მიქელაძის საკუთრებაა, ბოლო წლებში ადიგენში მცხოვრები მუსლიმები იკრიბებიან და აღავლენენ პარასკევის ლოცვას. რეგიონული მედია ბათუმელები ციტირებს მუფთის სიტყვებს, რომ გარკვეული პირები და ადგილობრივი მღვდელი ცდილობენ, "კონფლიქტი გააჩინონ ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის". მუფთი ასლან აბაშიძის თქმით, მღვდელმა, რომელსაც, მისი ცნობით, ნიკოლოზი ჰქვია, მსგავსი რამ გასულ პარასკევსაც სცადა.

"ადიგენში ხდება ეს ამბავი, ცენტრში. ეს მღვდელი კი ნიკოლოზია. ძალიან ცუდად იქცევა, იგინება, იარაღით დადის. წინა კვირას დაემუქრა სახლის მეპატრონეს და მოძალადეა ვიღაც. ცემითაც ემუქრება მუსლიმებს და ასე შემდეგ. სამცხე-ჯავახეთში მუსლიმები ვერ იქნებიანო, ამბობს. რაზმავს ხალხს, თავიდან 9-10 კაცი აიყოლა, ძალოსნები მიჰყავდა, შემდეგ ნელ-ნელა მოამატა მხარდამჭერები. დღეს უკვე მობილიზება გააკეთა ხალხის, გასულ პარასკევსაც გააკეთა იგივე. ჩვენ დიალოგით გვინდოდა საქმის გადაწყვეტა, ჩაერია ადიგენის მერი და სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძეც. არეგულირებდნენ სიტუაციას. ჩვენ ყველა შესაბამისი უწყება ჩავაყენეთ საქმის კურსში, აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარესაც გავაგებინეთ, პარლამენტის წევრ, ანზორ ბოლქვაძესაც და ასე შემდეგ." – თქვა აბაშიძემ ბათუმელების ცნობით.

კომენტარები