დონალდ ტრამპი

ტრამპმა გაასაჩივრა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც $454.2 მილიონის გადახდა დაეკისრა

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ადვოკატებთან, ქრისტოფერ კაისთან და ალინა ჰაბასთან ერთად უძრავი ქონებით თაღლითობის საქმეზე ნიუ-იორკის სასამართლოში გამართულ სხდომაზე, 2024 წლის 11 იანვარი
Shannon Stapleton/Pool Photo via AP, File

დონალდ ტრამპმა გაასაჩივრა უძრავი ქონების თაღლითობის საქმეზე ნიუ-იორკის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მას 454.2 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

ტრამპის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს თხოვნით, გააუქმოს მოსამართლე არტურ ენგორონის მიერ 16 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება. ადვოკატები სასამართლოს მიმართავენ გადაწყვიტოს, ხომ არ იმოქმედა ენგორონმა "გადაჭარბებულად" ან ხომ არ დაუშვა მან შეცდომა განაჩენის მიღებისას.

ნიუ-იორკის სასამართლომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 454.2 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა ფორმალურად გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღეში, 23 თებერვალს დააკისრა. თანხის ოდენობა მოიცავს 354.9 მილიონი დოლარის აქამდე დაკისრებულ ჯარიმას და დარიცხულ პროცენტს. 

სასამართლომ 4.7 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა აშშ-ს ექსპრეზიდენტის შვილებსაც, დონალდ ტრამპ უმცროსსა და ერიკ ტრამპს. 1.1 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს Trump Organization-ის  ყოფილ ფინანსურ დირექტორს, ალენა ვაისელბერგს. ამასთან, ჯარიმის გადახდამდე ტრამპს ყოველდღიურად 114 000 დოლარზე მეტი ოდენობის პროცენტი დაეკისრება.

ნიუ-იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპი დამნაშავედ თაღლითობის საქმეში 16 თებერვალს ცნო

როგორც მოსამართლე არტურ ენგორონმა დაადგინა, ტრამპი საოჯახო ბიზნესის წმინდა ღირებულების ათი წლის განმავლობაში ყოველწლიურად 3.6 მილიარდი დოლარით ზრდიდა, რამაც მას საშუალება მისცა, ესარგებლა უფრო ხელსაყრელი სასესხო პირობებით.

სასამართლომ ტრამპს ასევე სამი წლის ვადით აუკრძალა, იყოს ნიუ-იორკის რომელიმე კომპანიის თანამშრომელი ან დირექტორი. ამავე პერიოდის განმავლობაში, ტრამპს და მის კომპანიებს ეკრძალებათ ნიუ-იორკში ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტისგან სესხის აღება.

გარდა ამისა, სასამართლომ ტრამპის შვილებს, დონალდ უმცროსს და ერიკს 4 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა. მოსამართლემ ისინი დამნაშავედ ცნო თაღლითობაში. მათ 2 წლით ასევე აეკრძალათ ნიუ-იორკის კომპანიების მართვა.

კომენტარები