გიორგი შაქარაშვილის საქმე

შაქარაშვილის მკვლელობაში ერთ-ერთი მსჯავრდებული: ჩვენ მოსანანიებელი არაფერი გვაქვს

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისთვის ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, ვახტანგ ჩიქოვანმა სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ ამ საქმის მსჯავრდებულებს მოსანანიებელი არაფერი აქვთ. ის ამბობს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება უსამართლოდ, მტკიცებულებების გარეშე მიიღო.

დღეს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულების, ვახტანგ ჩიქოვანის, არჩილ გაგნიძისა და ნიკოლოზ რევაზიშვილის პროცესი კიდევ ერთ საქმეზე გაიმართა. ბრალდების მხარე მათ საქმის ოქროს მოწმისთვის, შაქარაშვილის მეგობრის, გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება. ასევე, მათ ბრალი ჯგუფურ ძალადობაშიც წარდგენილი აქვთ.

"აქ ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ რაღაც მოსანანიებელი გვაქვს. ჩვენ მოსანანიებელი არაფერი გვაქვს. ჩვენთან აქეთ მოინანიოს ყველა იმ მოსამართლემ, რომელმაც ტყუილად და უსამართლოდ გაგვასამართლა [...] თქვენ ერთი მოწმე არ გყავთ, ვინც მე ხელს დამადებს და იტყვის, რომ ეს ადამიანი [გიორგი შაქარაშვილი] ვახო ჩიქოვანმა, არჩილ გაგნიძემ და ნიკოლოზ რევაზიშვილმა მოკლესო [...]

ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეთ. დნმ მომიტანეთ, თითის ანაბეჭდები თუ ნიადაგის კვლევები? რა მოიტანეთ სასამართლოზე, რითი გამასამართლეთ? ახალგაზრდა ბიჭი 7-8 წელი რომ იჯდები და შენს ოქროს წლებს სულ ტყუილად დაკარგავ, ტვინი გადაგეკეტება, ციხის კედლები ტვინში მოგიჭერს, გამოხვალ და მართლა დამნაშავე გახდები. სასამართლო დამნაშავეებს თვითონ ქმნის". - თქვა ჩიქოვანმა.

სხდომაზე საქმეზე კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა, ნიკოლოზ რევაზიშვილმა სასამართლოს ცირკი უწოდა.

პროკურატურის ცნობით, მსჯავრდებულებმა 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთაში მდებარე აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების გამო, შურისძიების მოტივით მდინარე არაგვის ნაპირთან სასტიკად სცემეს გიორგი შაქარაშვილს და  მდინარეში გადააგდეს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი დაიღუპა.

19 წლის ფეხბურთელის ცხედარი 2020 წლის 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე სულ 17 პირი დააკავეს - მათ ბრალად ძალადობის ორგანიზება, მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და ძალადობა ედებოდათ. გარდა ამისა, ტოიოტა ქამრის ხუთ მგზავრს – ვახო ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს, არასრულწლოვან ზ.ხ.-სა და ა.ქ. -ს გამოძიება გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობას ედავება.  მათგან სამ სრულწლოვანს, ჩიქოვანს, გაგნიძესა და რევაზიშვილს 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ხოლო ორ პირს, როგორც არასრულწლოვნებს, 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. 

კომენტარები