გიორგი შაქარაშვილის საქმე

შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს 10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ ორ არასრულწლოვანს- ზ.ხ-ს და ა.ქ-ს 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. 

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ 9 მარტს ცნო. მოსამართლე ბიძინა სტურუამ სამ სრულწლოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რაც შეეხება ორ არასრულწლოვან ბრალდებულს, მათი სასჯელის ზომის გამოცხადება მომდევნო სხდომისთვის გადადო.  

19 წლის ფეხბურთელის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. ძალადობის ორგანიზებისთვის, მასში მონაწილეობისთვის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობისთვის 17 პირი დააკავეს. გარდა ამისა, ტოიოტა ქამრის ხუთ მგზავრს - ვახო ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს, არასრულწლოვან ზ.ხ.-სა და ა.ქ. -ს გამოძიებას გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში დასდო ბრალი. პროკურატურის ვერსიით, რაც უკვე სასამართლომაც გაიზიარა, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში გადააგდეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულები ბრალს არ აღიარებენ.

კომენტარები