გიორგი შაქარაშვილის საქმე

6 წელი და 9 თვე, 5 წელი და 3 თვე, 3 წელი და 9 თვე, ექვსივე არასრულწლოვანს პატიმრობა მიესაჯა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობაში ბრალდებულ ექვსივე არასრულწლოვანს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

  • 2 პირს – ზ.ხ. და ა.ქ-ს - ბრალად ედებოდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა, ასევე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთა. მიესაჯათ 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
  • 3 პირს – ნ.ც, ლ.შ, გ.მ.-ს – ბრალად ედებოდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა; მიესაჯათ 5 წლის და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
  • 1 პირს – ნ.ქ.-ს – ბრალად ედებოდა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა; მიესაჯა 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. 

19 წლის ფეხბურთელის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე დაკავებულ 17 პირს ბრალად ძალადობის ორგანიზება, მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და ძალადობა ედება. სასამართლო საქმის ამ ნაწილში ცალკე განიხილავს 11 სრულწლოვანი პირის საქმეს. გარდა ამისა, ტოიოტა ქამრის ხუთ მგზავრს - ვახო ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს, არასრულწლოვან ზ.ხ.-სა და ა.ქ. -ს გამოძიება გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობასაც ედავება. პროკურატურის ვერსიით, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში გადააგდეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

კომენტარები