პაკისტანი

პაკისტანის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერმინისტრის პარტიამ ყველაზე მეტი ხმა მიიღო

პაკისტანის ყოფილი პრემიერმინისტრის, იმრან ხანის პარტიის მხარდამჭერები
Arshad Arbab/EPA, via Shutterstock

პაკისტანში დაპატიმრებული ყოფილი პრემიერმინისტრის, იმრან ხანის, პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა

ქვეყნის საარჩევნო კომისიის მიხედვით, ხანის პარტიამ, პაკისტან თეჰრიკ-ე-ინსაფმა (PTI), პარლამენტის ქვედა პალატაში 97 ადგილი დაიკავა, ხოლო მმართველმა პარტიამ, პაკისტანის მუსლიმთა ლიგა-ნავაზმა (PMLN), სულ მცირე, 73 ადგილი მოიპოვა. კომისიის თქმით, დასათვლელი მხოლოდ 7 ადგილი იყო დარჩენილი, რაც შედეგებზე არსებით გავლენას არ მოახდენდა. 

ხანის პარტიამ მხარდამჭერებისთვის ხელოვნური ინტელექტის მიერ ყოფილი პრემიერის ხმით წაკითხული გამარჯვების მილოცვა გაავრცელა. 

"გილოცავთ ყველას 2024 წლის არჩევნებში გამარჯვებას. სრულად თავდაჯერებული ვიყავი, რომ ხმის მისაცემად ყველანი მიხვიდოდით. თქვენმა მასობრივმა მონაწილეობამ ყველა გააოცა". - თქვა ხელოვნური ინტელექტით გენერირებულმა ხმამ. 

წარმატების მიუხედავად, PTI-ს სრული უმრავლესობა არ მოუპოვებია, რის გამოც ხანისა და ამჟამინდელი პრემიერმინისტრის, შეჰბაზ შარიფის, პარტიებს კოალიციური მთავრობის შეკვრა სჭირდებათ. ანალიტიკოსთა თქმით, ხანის პარტიას ამის გაკეთება გაუჭირდება, თუმცა PTI-ის ზოგი ლიდერის აზრით, არსებული მოცემულობით პარტიისათვის ოპოზიციაში ყოფნა უფრო ხელსაყრელია. 

შარიფმა თავის მხარდამჭერების წინაშე სიტყვის გამოსვლისას სხვა პარტიებს მათთან ერთად კოალიციის შექმნისკენ მოუწოდა და ირიბად იგულისხმა, რომ PTI ამ კოალიციაში არ შევიდოდა.

"დღეს ვეპატიჟებით ყველას, რომ დასხდნენ ჩვენთან ერთად და დაშავებული პაკისტანი აღვადგინოთ". - თქვა შარიფმა სიტყვით გამოსვლისას.

ანალიტიკოსთა თქმით, სამხედრო ელიტა იმედოვნებდა, რომ არჩევნები პოლიტიკურ კრიზისს გადაჭრიდა, თუმცა, მათი წინააღმდეგობის მიუხედავად, ხანის პარტიამ მოიგო და ქვეყანაში კრიზისი უფრო მეტად გაღრმავდა. 

ერთ-ერთი ექსპერტის შეფასებით, არჩევნების შედეგები მოსახლეობაში სტატუს ქვოს საწინააღმდეგო განწყობაზე მიუთითებს და წარმოადგენს ხმას "ორი სხვა პარტიის წინააღმდეგ, რომლებიც ქვეყანას მართავენ და მათი დინასტიური პოლიტის წინააღმდეგ". 

PTI-ს თქმით, ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით სასამართლოში საქმეების აღძვრას გეგმავენ, რადგან ფიქრობენ, რომ  უსამართლოდ მიმდინარეობდა და ქვეყნის სამხედრო ელიტა მათში PMLN-ის სასარგებლოდ ჩაერია. 

"ჩვენ ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას გამოვიყენებთ და ყველა კონსტიტუციურ შესაძლებლობას გამოვიყენებთ". - თქვა რაოოფ ჰასანმა, PTI-ის ლიდერმა. 

პაკისტანის საარჩევნო კომისიის (ECP) გადაწყვეტილებით, PTI-ს საკუთარი პარტიული ლოგოს გამოყენება აეკრძალა, რის გამოც მის კანდიდატებს არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატებად რეგისტრირება მოუწიათ. გარდა ამისა, არჩევნების მსვლელობისას ამომრჩევლებს მობილურ ქსელზე წვდომა არ ჰქონიათ.

არჩევნების წინა კვირებში ხანს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა სახელმწიფო საიდუმლოების გასაჯაროებისთვის, ხოლო სახელმწიფო საჩუქრების უკანონო გაყიდვასთან დაკავშირებით მას და მის ცოლს თავისუფლების 14 წლით აღკვეთა შეუფარდეს. ყოფილ პრემიერმინისტრი სასამართლომ მესამე საქმეშიც დამნაშავედ ცნო და უკანონო ქორწინების ბრალდებით მას და მის ცოლს 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

ყოფილი პრემიერის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხანი სამივე საქმის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

მას შემდეგ, რაც 2022 წელს იმრან ხანს პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა და თანამდებობის დატოვება მოუწია, ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ ათობით საქმე აღიძრა. მის გადაყენებას მხარს უჭერდა სამხედრო ელიტა, რომელსაც პაკისტანის პოლიტიკაში მთავარი გავლენები აქვს.  ხანი და მისი პარტიის წევრები ამბობენ, რომ ისინი სამხედროების მიერ მხარდაჭერილი შევიწროების მსხვერპლები არიან. ამ ბრალდებას უარყოფს სამხედროთა ფენა. 

პაკისტანის ანტიკორუფციული სააგენტო წარსულში არა მხოლოდ იმრან ხანის საქმეს, არამედ სხვა პრემიერების ქმედებებსაც იძიებდა და 2008 წლამდე მოქმედ ყველა პრემიერს შეუფარდეს სასჯელი. მათ შორის იყო ნავაზ შარიფიც, რომლის პარტიასაც წინასწარი მონაცემებით არჩევნებზე ყველაზე დიდი მხარდაჭერა ექნება.

პაკისტანში საარჩევნო კამპანიის მსვლელობის დროს რეჰან ზებ ხანი, ხანის პარტიასთან დაკავშირებული დამოუკიდებელი საარჩევნო კანდიდატი, მანქანაში ჩაცხრილეს.

პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციაში გენერალურ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მომხდარ ორ აფეთქებას, სულ მცირე, 22 ადამიანი ემსხვერპლა. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. 

კომენტარები