ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

WSJ: ეგვიპტემ ისრაელი გააფრთხილა, თუ რაფაში შევლენ, სამშვიდობო ხელშეკრულებას დატოვებენ

ეგვიპტის არმიის სპეცდანიშნულების რამზები რაფის გამშვებ პუნქტთან. 2023 წლის 20 ოქტომბერი.
Kerolos Salah / AFP

ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ეგვიპტემ ისრაელი გააფრთხილა, რომ თუ ღაზის სექტორ ქალაქ რაფაში სამხედროებს შეიყვანენ, 1979 წელს დადებულ სამშვიდობო შეთანხმებას დატოვებენ.

"მას შემდეგ, რაც ისრაელმა ეგვიპტეს შეატყობინა, რომ რაფაში სახმელეთო ოპერაციას გეგმავდა, ეგვიპტელმა მაღალჩინოსნებმა ისინი გააფრთხილეს, რომ თუ ერთი პალესტინელიც კი იძულებული იქნება სინაის ნახევარკუნძულზე გადავიდეს, ან თუ ისრაელელი სამხედროები რაფაში შევლენ, ორ ქვეყანას შორის ათწლეულების განმავლობაში მოქმედი სამშვიდობო ხელშეკრულება შეჩერდება". – წერს WSJ.

ღაზის სექტორის ქალაქი რაფა ეგვიპტეს ესაზღვრება.

რაფაში ისრაელის მოსალოდნელი სახმელეთო ოპერაციის პარალელურად ეგვიპტე, რომელსაც ეშინია, რომ პალესტინელ დევნილთა ნაკადი მათ საზღვარს მიადგება, გამყოფ ხაზზე უსაფრთხოებას ამკაცრებს, აყენებენ კამერებს, ღობეებს, საგუშაგოებსა და სენსორებს.

ეგვიპტის დელეგაცია თელ-ავივში 9 თებერვალს ჩავიდა, რათა რაფის შესახებ ესაუბრათ. ამის შესახებ WSJ-ს ეგვიპტელმა მაღალჩინოსნებმა შეატყობინეს. მათი თქმით, ისრაელელი მაღალჩინოსნები ცდილობენ, რომ ისინი სახმელეთო ოპერაციასთან დაკავშირებით დაითანხმონ.

ამას გარდა, WSJ-სთან ეგვიპტელმა მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ მათ ჰამასი გააფრთხილეს, თუ მომდევნო ორ კვირაში ისრაელთან შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ისრაელი სახმელეთო ოპერაციას დაიწყებს. მათივე ინფორმაციით, ჰამასის წარმომადგენლებმა ეგვიპტელ მაღალჩინოსნებს უპასუხეს, რომ მზად არიან დაიცვან რაფა და ისრაელის მუქარას არ უპასუხებენ შეთანხმებით, რომელიც მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

1979 წლის სამშვიდობო შეთანხმებით ისრაელსა და ეგვიპტეს შორის ერთმანეთთან გამოვლილი ომების შემდეგ ურთიერთობის ნორმალიზაცია დაიწყო.

გასულ დღეებში ისრაელმა არ მიიღო ჰამასის სამშვიდობო პირობა, რომელიც ოთხთვიან ცეცხლის შეწყვეტას, ებრაელი მძევლების გაშვებას, ისრაელის მიერ 1 500 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებასა და ღაზის სექტორში მათი ძალაუფლების შენარჩუნებას მოიცავდა. 

ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ რაფაში ოპერაციის ჩატარება აუცილებელია, თუმცა აქამდე მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციის საშუალებას მისცემენ. 

განცხადების მიხედვით, ნეთანიაჰუმ თავდაცვის ძალებს დაავალა, რომ ომის კაბინეტს წარუდგინონ სახმელეთო ოპერაციისა და ევაკუაციის გეგმა.

პარალელურად აშშ ისრაელს აფრთხილებს, რომ რაფაზე იერიშს, შეიძლება, "კატასტროფა" მოჰყვეს. ამის მიუხედავად, ისრაელის საჰაერო დარტყმები ქალაქზე გრძელდება და უფრო ინტენსიური ხდება.

10 თებერვლის საჰაერო დარტყმას რაფაში ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელის თავდაცვის ძალებსა და უსაფრთხოების სამსახურ შინ ბეთში ამბობენ, რომ მოკლეს ჰამასის მაღალჩინოსანი და ორი წევრი.

კომენტარები