უკრაინა

ზელენსკიმ ზალუჟნი გაათავისუფლა, მის თანამდებობას ოლექსანდრ სირსკი დაიკავებს

ვალერი ზალუჟნი და ოლექსანდრ სირსკი
Валерій Залужний/Facebook

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი გაათავისუფლა და მის თანამდებობაზე უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური, გენერალი ოლექსანდრ სირსკი დანიშნა.

ამაზე ზელენსკიმ თავის განცხადებაში ისაუბრა

ზელენსკიმ თქვა, რომ შეიარაღებულ ძალებში სასწრაფო ცვლილების საჭიროების შესახებ ზალუჟნისთან გულწრფელად ისაუბრა და მომავალში უკრაინის მთავრობის მმართველ გუნდში ერთად დარჩენა შესთავაზა. მისივე თქმით, თანხმობის შემთხვევაში მადლობელი იქნება.

"გენერალ ზალუჟნის მიმართ ორი წელი თავდაცვისთვის მადლიერი ვარ. მადლიერი ვარ ყოველი გამარჯვებისთვის, რომელსაც მივაღწიეთ ერთად და ყველა უკრაინელი ჯარისკაცის დამსახურებით, რომლებსაც ეს ომი საკუთარ თავზე გმირულად გადააქვთ". - წერია განცხადებაში. 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გენერალი სირსკი შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დანიშნა. ზელენსკიმ ასევე გენერლის გამოცდილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას როგორც თავდაცვის, ისე თავდასხმის ოპერაციების წარმატებულად ხელმძღვანელობის გამოცდილება აქვს. 

"მას აქვს თავდაცვის წარმატებული გამოცდილება - კიევის თავდაცვის ოპერაციას უხელმძღვანელა. ამასთანავე, მას აქვს თავდასხმის წარმატებული გამოცდილებაც - ხარკოვის განმათავისუფლებელი ოპერაცია". - წერს ზელენსკი. 

ზელენსკიმ თქვა, რომ შეიარაღებული ძალებს ახალი მმართველი გუნდი ეყოლება. მისი თქმით, ათობით საუბარი ჰქონდა სხვადასხვა დონის სარდლებთან, რომლებიც ჯარის ხელმძღვანელობის მოვალეობისთვის განიხილებიან. 

"ათობით გასაუბრება ჩავატარე სხვადასხვა დონის სარდლებთან, კერძოდ, დღეს ვესაუბრე ბრიგადის გენერლებს ანდრეი გნატოვს, მიხაილ დრაპიტის, იგორ სკიბიუკოს და პოლკოვნიკებს, პავლე პალისოსა და ვადიმ სუხარევს". - წერს უკრაინის პრეზიდენტი. 

განცხადებაში ზელენსკი ასევე წერს, რომ ეს წელი უკრაინისთვის წარმატებული მხოლოდ ეფექტური ცვლილებების დანერგვის შემთხვევაში იქნება. 

"2024 წელი უკრაინისთვის წარმატებული შეიძლება გახდეს მხოლოდ ეფექტური ცვლილებების შემთხვევაში ჩვენი თავდაცვის საფუძველში, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმოადგენს". - წერია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში.

მანამდე, 29 იანვარს უკრაინულ მედიაში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სარდლის ვალერი ზალუჟნის გადაყენების შესახებ ცნობები გავრცელდა.

მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ მედიასთან საუბარში დაადასტურა, რომ შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნის გათავისუფლებას განიხილავს.

კომენტარები