სალომე ზურაბიშვილი

ბუჩუკური პრეზიდენტის ინიციატივაზე: ამ ფორმატში მონაწილეობას არ მივიღებთ

პარტია საქართველოსთვის დეპუტატის, ანა ბუჩუკურის თქმით, მათთვის მიუღებელია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა მრავალპარტიული პლატფორმის შექმნის შესახებ, სადაც მონაწილეობას იღებენ ისინი, ვინც "საქართველოს ევროპული მომავლის და ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების წინაპირობად სააკაშვილის შეწყალებას აყენებენ". ამის შესახებ ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს.

გარდა ამისა, ბუჩუკურის თქმით, პარტია საქართველოსთვის ამ ფორმატში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა, ზურაბიშვილთან თანამშრომლობას გააგრძელებს.

"ქალბატონი პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა პარლამენტში იყო ძალიან კარგი, სწორი გზავნილებით და სწორი აქცენტებით. ფაქტობრივად დაემთხვა ჩვენი გუნდის ლიდერისა და გუნდის პოზიციებს.

ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ პრეზიდენტის ინსტიტუტის მხარდაჭერას, ქალბატონ სალომესთან კომუნიკაციასა და თანამშრომლობას. მით უფრო, თავიდანვე ვამბობდით, რომ პრეზიდენტის როლი არჩევნების დაცვაში მნიშვნელოვანია.

თუმცა, მის მიერ დღეს პარლამენტში მოულოდნელად გაჟღერებული მრავალპარტიული პლატფორმა, სადაც მონაწილეობას ასევე იღებენ ის პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს ევროპული მომავლის და ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების წინაპირობად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას აყენებდნენ და დღესაც აყენებენ, ჩვენთვის მიუღებელია. შესაბამისად, ამ ფორმატში მონაწილეობას არ მივიღებთ.

რა თქმა უნდა, ეს ჩვენს დამოკიდებულებას ქალბატონი პრეზიდენტის მიმართ არ შეცვლის.

მე ხშირად მითქვამს და ახლაც გავიმეორებ - დიახ, მე მივეცი ხმა სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობას და ეს არასოდეს მინანია. ასევე, ვამაყობ, რომ ვარ იმ გუნდის წევრი, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ქალბატონი სალომეს იმპიჩმენტის პროცესის ჩაშლაში". - წერს ბუჩუკური. 

დღეს, 6 თებერვალს პარლამენტში მოსმენისას სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ არსებულ ვითარებაში ქვეყანას მომავლის დანახვა და ერთობა სჭირდება, რის გამოც, ის გამოდის ინიციატივით, შეიქმნას "მომავლის ქარტია" სახელწოდებით "ერთობის პლატფორმა ევროპისთვის".

პრეზიდენტის თქმით, მას სურს, ამ პროცესში აქტიურად ჩაერთოს  და ყველა პოლიტიკურ აქტორსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდეს და ევროპულ პრიორიტეტებზე ერთობლივი დოკუმენტი შეიქმნას.

კომენტარები