დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

აშშ-მ იერიშები მიიტანა ჰუსიტების დრონებზე, რომლებსაც გაშვებისთვის ამზადებდნენ

ამერიკის საჰაერო ძალების F-16 ერაყში, 2008 წელი.
Master Sgt. Andy Dunaway/United States Air Force

2 თებერვალს აშშ-მ იერიშები არა მხოლოდ ერაყსა და სირიაში, არამედ იემენშიც მიიტანა.

შემთხვევას წინ უძღოდა ხომალდი USS Carney-ის სისტემების მიერ უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება. ამის შემდეგ აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ძალებმა იერიშები მიიტანეს იემენელი ჰუსიტების დრონებზე, რომლებიც გასაშვებად იყო გამზადებული. აშშ-მ იემენის ჰუსიტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დაადგინა სამიზნეები და ის ფაქტიც, რომ ისინი საფრთხეს წარმოადგენდნენ აშშ-ს საზღვაო ძალებისთვის. ამის შემდეგ აშშ-მ წითელი ზღვის თავზე კიდევ 7 დრონი ჩამოაგდო.

აშშ-მ გასულ საათებში იერიში მიიტანა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა და მათ მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების ობიექტებზე სირიასა და ერაყში. ეს იყო პასუხი იორდანიაში დრონის თავდასხმის შედეგად სამი ამერიკელი სამხედროს სიკვდილზე. მედიაში გავრცელებული ცნობებით, დაიღუპა დაჯგუფებების 39 წევრი.

ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე მიტანილი თავდასხმის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ვითარება გამწვავდა. გააქტიურდნენ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები, რომლებიც აშშ-ს ძალებს სირიასა და ერაყში რეგულარულად ესხმიან თავს. პარალელურად წითელ ზღვაში სავაჭრო ხომალდებს თავს ესხმიან იემენელი ჰუსიტები, რაზეც აშშ და დიდი ბრიტანეთი საპასუხო დარტყმებით რეაგირებს. 

კომენტარები