ინფრასტრუქტურის სამინისტრო

გზების დეპარტამენტი: ტენდერის დროს, კომპანიასთან კონტრაქტზე უარის საფუძველი არ არსებობდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შპს ერ ტე დეს-თან, რომელსაც თბილისის მერიამ წერეთლის გამზირზე სამუშაოების უხარისხოდ და შეფერხებით შესრულების გამო ხელშეკრულება გაუწყვიტა, იგოეთი-კასპი-ახალქალაქის გზის რეაბილიტაციისთვის15-მილიონიანი კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. დეპარტამენტში ამბობენ, რომ სამუშაოებისთვის ეს კომპანია გასული წლის დეკემბერში შეირჩა და იმ დროს შპს ერ ტე დეს-თან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

"იგოეთი-კასპი-ახალქალაქის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში გამოცხადდა. ხელშეკრულების მინიჭება და პრეტენდენტის შერჩევა კი 2023 წლის დეკემბერში განხორციელდა. შესაბამისად, შესყიდვების კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურული ასპექტებისა და ვადების დაცვით, ხელშეკრულება 2024 წლის 18 იანვარს გაფორმდა. 

ტენდერის მიმდინარეობის პროცესში, უმცირესი ფასის მქონე პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციისა და ამ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის რაიმე სახის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. პირიქით, გზების დეპარტამენტის მიერ პრეტენდენტის ტენდერიდან უსაფუძვლო დისკვალიფიკაცია კანონმდებლობის დარღვევა იქნებოდა". - თქვა გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე წურწუმიამ.

კომპანია ერ ტე დეს, რომელსაც თბილისის მერიამ წერეთლის გამზირზე სამუშაოების უხარისხოდ და შეფერხებით შესრულების გამო ხელშეკრულება გაუწყვიტა, 18 იანვარს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თითქმის 15-მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმა. კონკრეტულად, ხელშეკრულების თანხა 14 899 999 ლარს შეადგენს.

ხელშეკრულების მიხედვით, შპს ერ ტე დეს იგოეთი-კასპი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ9-კმ20 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ევალება. კომპანია ვალდებულია, სამუშაოების დაწყების შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ წერილობითი დავალების გაცემიდან 1 წელში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულოს. 


თბილისის მერიამ შპს ერ ტე დეს ხელშეკრულება 15 იანვარს გაუწყვიტა

მერია შპს ერ ტე დეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევაში ადანაშაულებს. უწყების განცხადებით, დაფიქსირდა კომპანიის მხრიდან სამუშაოების არ წარმოების არაერთი შემთხვევა, ასევე, გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენა. მერიაში ამბობენ, რომ სამუშაოების შემოწმების დროს, 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის იანვრის პერიოდში, 11 ფაქტი იყო, როცა კომპანია ობიექტზე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს არ ასრულებდა. 

"შპს ერ ტე დეს მიერ წერეთლის გამზირზე სამუშაოები მნიშვნელოვნად შეფერხებით სრულდება. დღეის მდგომარეობით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებული არაა და მისი დამთავრების ვადაზე სამსახურის მიერ დაახლოებითი პროგნოზი ვერ კეთდება. ასევე, ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტთან შეუსაბამოდ, უხარისხოდ მიმდინარეობს". - წერს მერია კომპანიისთვის გაგზავნილ დოკუმენტში.

კომენტარები