ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ირაკლი ქარსელაძეს რევაზ სოხაძე შეცვლის

ივანიშვილის წარმომადგენელი ირაკლი ქარსელაძე ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტს ტოვებს. მას თბილისის საკრებულოში სამგორის მაჟორიტარი რევაზ სოხაძე შეცვლის.

ივანიშვილის პრემიერის ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ქარსელაძემ თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო და "შესაბამისი თხოვნით მომმართა გუშინ". მან ყოფილ მინისტრს მადლობა გადაუხადა "მის მიერ გაწეული საქმიანობისა და ძალიან ბევრი წარმატებული პროექტისთვის".

"მინდა, წარმოგიდგინოთ ბატონი რევაზ სოხაძე, რომელიც დაინიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრად. რევაზ სოხაძე, მოგეხსენებათ, არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის სტაჟიანი წევრი, მას განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჯერ მედიცინის, შემდეგ ფინანსების სპეციალობით. იგი წლების მანძილზე მუშაობდა კერძო სექტორში მაღალ, მენეჯერულ პოზიციებზე, 2017 წლიდან კი არის თბილისის საკრებულოს წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და თბილისის საკრებულოს ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე. მინდა, ბატონ რევაზს ვუსურვო წარმატებები ინფრასტრუქტურის მინისტრის პოზიციაზე" - თქვა კობახიძემ საგანგებოდ დანიშნულ ბრიფინგზე.

კომენტარები