ინფრასტრუქტურის სამინისტრო

სამინისტროს ტენდერი მოიგო კომპანიამ, რომელსაც წერეთელზე ხელშეკრულება შეუწყვიტეს

კომპანია ერ ტე დეს, რომელსაც თბილისის მერიამ წერეთლის გამზირზე სამუშაოების უხარისხოდ და შეფერხებით შესრულების გამო ხელშეკრულება გაუწყვიტა, 18 იანვარს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თითქმის 15-მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმა. კონკრეტულად, ხელშეკრულების თანხა 14 899 999 ლარს შეადგენს.

ხელშეკრულების მიხედვით, შპს ერ ტე დეს იგოეთი-კასპი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ9-კმ20 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ევალება. კომპანია ვალდებულია, სამუშაოების დაწყების შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ წერილობითი დავალების გაცემიდან 1 წელში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულოს. 

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შესყიდვისთვის ტენდერი 2023 წლის 9 ნოემბერს გამოაცხადა, პრეტენდენტებისგან წინადადებების მიღება კი 2023 წლის 15 დეკემბერს დაასრულა. სამუშაოების შესრულება სულ 3 კომპანიას სურდა, რომელთაგან გამარჯვებულად სწორედ ერ ტე დე გამოცხადდა. აღნიშნულ შპს-ს კონტრაქტი 18 იანვარს გაუფორმდა.


თბილისის მერიამ შპს ერ ტე დეს ხელშეკრულება 15 იანვარს გაუწყვიტა

მერია შპს ერ ტე დეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევაში ადანაშაულებს. უწყების განცხადებით, დაფიქსირდა კომპანიის მხრიდან სამუშაოების არ წარმოების არაერთი შემთხვევა, ასევე, გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენა. მერიაში ამბობენ, რომ სამუშაოების შემოწმების დროს, 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის იანვრის პერიოდში, 11 ფაქტი იყო, როცა კომპანია ობიექტზე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს არ ასრულებდა. 

"შპს ერ ტე დეს მიერ წერეთლის გამზირზე სამუშაოები მნიშვნელოვნად შეფერხებით სრულდება. დღეის მდგომარეობით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებული არაა და მისი დამთავრების ვადაზე სამსახურის მიერ დაახლოებითი პროგნოზი ვერ კეთდება. ასევე, ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტთან შეუსაბამოდ, უხარისხოდ მიმდინარეობს". - წერს მერია კომპანიისთვის გაგზავნილ დოკუმენტში.

კომენტარები