რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ГУР: უკრაინელმა სამხედროებმა აგვისტოში Ту-22-ის გასანადგურებლად რუსეთში 600 კმ. გაიარეს

მარცხნივ - ოლეგ ბაბაბი, მარჯვნივ - აფეთქებული ტუ-22

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო და დაზვერვის მთავარი სამმართველო (ГУР) ავრცელებენ 2023 წლის აგვისტოში რუსული ბომბდამშენების განადგურების ისტორიის ახალ დეტალებს. გასული წლის ზაფხულში გავრცელდა განადგურებული სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-22М3-ის ფოტოები და ცნობები, რომ ამავე ტიპის კიდევ 2 თვითმფრინავი დაზიანდა. 

დივერსანტების ჯგუფს უძღვებოდა პოდპოლკოვნიკი ოლეგ ბაბაი, რომელიც მისიიდან დაბრუნების დროს სასიკვდილოდ დაიჭრა. ის უკრაინის გმირად გამოაცხადეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაციის დეტალები სწორედ ბაბაისადმი მიძღვნილ ცნობაში გამოაქვეყნა.

19 აგვისტოს ნოვგოროდში მდებარე სამხედრო აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ დაზიანებულია ერთი თვითმფრინავი და არავინ დაშავებულა. აფეთქებული თვითმფრინავის ფოტო 20 აგვისტოს რუსულმა საინფორმაციო სააგენტო Сирена-მ გამოაქვეყნა. როგორც მედია საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერდა, ფოტოები მათ წყარომ მიაწოდა. მნიშვნელოვანი იყო ფაქტი, რომ ობიექტი უკრაინის საზღვრიდან 700-მდე კილომეტრით იყო დაშორებული. 

როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობაშია ნათქვამი: "რუსული ბომბდამშენების გასანადგურებლად უკრაინელმა მზვერავებმა მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე ფეხით 600 კილომეტრზე მეტი გაიარეს".

ცნობაში ხაზგასმულია, რომ ოლეგ ბაბაი ომის დაწყების დღიდან მონაწილეობდა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთის ტერიტორიაზე ოპერაციების ჩატარებაში.

მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, ბაბაიმ მტრის ზურგში ცხრა წარმატებული სადაზვერვო მისია და უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე თორმეტი სპეციალური ღონისძიება ჩაატარა. სპეციალურ ღონისძიებებში შედიოდა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მტრის ზურგში წინააღმდეგობების ორგანიზაცია და მომარაგება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბაბაისა და მისი ჯგუფის მიერ ბომბდამშენების განადგურებამ და დაზიანებამ მოწინააღმდეგის გეგმები ჩაშალა.

როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, ბაბაის ჯგუფი რუსეთის ტერიტორიიდან გამოსვლის დროს ჩასაფრებულ მტერს შეეჩეხა და პოდპოლკოვნიკი სასიკვდილოდ დაიჭრა.

"მოწინააღმდეგის ზურგში ღრმად შეღწევით, მზვერავებმა დავალება შეასრულეს - გაანადგურეს რუსული ბომბდამშენი Ту-22М3 და კიდევ ორი მწყობრიდან გამოიყვანეს, თუმცა თავადაც აუნაზღაურებელი დანაკარგი განიცადეს. უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნების დროს პოლკოვნიკი ოლეგ ბაბაის მზვერავთა ჯგუფი ჩასაფრებაში მოყვა და რუს დამპყრობლებთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაერთო. 2023 წლის 30 აგვისტოს ამ ბრძოლაში, საკუთარი თანამებრძოლების უკანდახევის დაზღვევის დროს, უკრაინელი მზვერავი, პოდპოლკოვნიკი ოლეგ ბაბაი სასიკვდილოდ დაიჭრა და გარდაიცვალა". – ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები