რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

УП: სოლცისა და შაიკოვკის აეროდრომებზე იერიშის შედეგად 2 რუსული Ту-22 სრულად განადგურდა

აფეთქებული რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-22М3
Сирена

როგორც უკრაინული მედია Українська правда დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით წერს, სოლცისა და შაიკოვკის აეროდრომებზე დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად სრულად განადგურდა Ту-22М3 ტიპის 2 რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი, კიდევ ორი თვითმფრინავი კი უმნიშვნელოდ დაზიანდა.

"ორი შორი მანძილის ბომბდამშენი Ту-22М3 სრულად განადგურებულია, კიდევ ორი თვითმფრინავი უმნიშვნელოდ დაზიანდა". – თქვა УП-ს წყარომ და დაადასტურა, რომ თავდასხმისთვის კვადროკოპტერის ტიპის დრონები გამოიყენეს და იერიში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან შესრულდა.

19 აგვისტოს ნოვგოროდში მდებარე სამხედრო აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ დაზიანებულია ერთი თვითმფრინავი და არავინ დაშავებულა. აფეთქებული თვითმფრინავის ფოტო 20 აგვისტოს რუსულმა საინფორმაციო სააგენტო Сирена-მ გამოაქვეყნა. როგორც მედია საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერდა, ფოტოები მათ წყარომ მიაწოდა.

ცნობილია, რომ Ту-22М3-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენები ქალაქ ნოვგოროდთან ახლოს მდებარე სოლცის აეროდრომზე იყო განლაგებული. სოლცის აეროდრომი უკრაინის საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს. 

21 აგვისტოს კი რუსული ტელეგრამ-არხები ავრცელებდნენ ცნობას, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კალუჟის ოლქში მდებარე აეროდრომზე თავდასხმა სცადეს, რის შედეგადაც, ამავე წყაროების მტკიცებით, დაზიანდა თვითმფრინავი, რომელიც არ გამოიყენებოდა. რეგიონის გუბერნატორმა განაცხადა, რომ კიროვის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა მოიგერიეს და იერიშის შედეგად არავინ და არაფერი დაშავებულა.

კომენტარები