ჩეჩნეთი

რუსეთის დუმის დეპუტატი კადიროვს ბოდიშს საჯაროდ უხდის, აქამდე კადიროვმა მას უთვისტომო უწოდა

რუსეთის სახელწმიფო დუმის დეპუტატმა, მიხაილ მატვეევმა ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს ბოდიში საჯაროდ მოუხადა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ნაწყვეტი მისი ინტერვიუდან, რომელშიც რადიკალური ისლამიზმის პრობლემასა და რუსეთში მიგრანტების ნაკადის შედინებაზე საუბრობდა.

ამ ჩანაწერთან დაკავშირებით რამზან კადიროვმა საკუთარი კომენტარი ტელეგრამ-არხზე გააკეთა.

"ყველაზე საშიში ის მტერია, რომელიც ზურგში ზის. ის უთვისტომოა, ეშინია და იმითაა დაკავებული, ნამდვილ პატრიოტებს შორის განხეთქილება გამოიწვიოს, ცდილობს დაყოს რწმენის ან ეროვნების საფუძველზე. ნებისმიერ შემთხვევაში, მიხაილ მატვეევის, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, პროვოკაციულ გამოსვლას, რომელიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება, კომპეტენტურმა ორგანოებმა შეფასება უნდა გაუკეთონ". – დაწერა კადიროვმა.

კადიროვმა ასევე თქვა: "უმჯობესია ერთი მატვეევი გავაპანღუროთ და პროვოკაციები ბევრად შემცირდება".

მატვეევმა ბოდიშის მიმართვაში თქვა, რომ ის გულისხმობდა იმ რადიკალებს, რომლებსაც ჩეჩნეთის რესპუბლიკაში თავად კადიროვიც და ვლადიმირ პუტინიც ებრძოდა.

"იმის გათვალისწინებით, რომ ვიდეოს ყურადღება მიაქცია პატივცემულმა რამზან ახმატოვიჩ კადიროვმა, მსურს თქვენ, რამზან ახმატოვიჩ, გითხრათ, რომ მე, რა თქმა უნდა, ვგულისხმობდი სწორედ იმ ტერორისტებს, შაიტანებს, როგორც თქვენ ეძახით, რომლებსაც რესპუბლიკაში, ჩრდილოეთ კავკასიაში ებრძოდით და რომლებზეც გაიმარჯვეთ და რომლებთანაც ახლა იბრძვიან სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ჩვენი მებრძოლები, როგორც მუსლიმები, ისე მართლმადიდებლები და ყველა სხვა, ვისთანაც რუსეთში მშვიდობიანად ვართ. თუ ჩემმა რუსმა მუსლიმმა კოლეგებმა, ძმებმა ეს საკუთარ თავზე მიიღო, არ მრცხვენია ბოდიშის მოხდა, რადგან მე ვგულისხმობდი სწორედ იმ რადიკალებს, რომლებთანაც ვიბრძვით, რომლებთანაც იბრძვის პრეზიდენტი პუტინი, რამზან კადიროვი და ყველა ნორმალური ადამიანი. ჩვენ ახლა სანგრებში ყველა ერთ მხარეს ვართ და ერთმანეთს მხარს დავუჭერთ". – თქვა რუსეთის დუმის დეპუტატმა.

აქამდე მიხაილ მატვეევი გავრცელებულ ინტერვიუში ამბობდა, რომ ქვეყანაში შედის ბევრი რადიკალი ისლამისტი, რომლებიც რუსეთს "თავს ახვევენ" შარიათის წესებს. მისივე თქმით, ცენტრალური აზიის ქვეყნებში ამბობენ, რომ რუსეთი რადიკალი ისლამისტების "სამჭედლოა" და მიგრანტები, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ადგილობრივ რადიკალურ ჯგუფებს ქმნიან. მატვეევმა მსგავს პირებს უწოდა "ადამიანები, რომლებიც შუა საუკუნეებში ცხოვრობენ" და "ველურები". დეპუტატს ასევე სჯერა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, რუსეთში "სერიოზული შეჯახება" მოხდება ისლამურ ცივილიზაციასთან.

"ჩვენ გველის ამ ორი ცივილიზაციის სერიოზული შეჯახება ქვეყანაში - [ისლამური ცივილიზაციის] რუსულთან, რომელიც არც თანამედროვე და არც მართლმადიდებლური სახით არ მოსწონთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სინამდვილეში საგანგაშოა, რადგან, ვხედავთ, როგორ იპყრობენ ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო და უფრო მეტად რუსეთში. ჩემი აზრით, როდესაც სპეციალური სამხედრო ოპერაცია დასრულდება და ფრონტიდან მილიონნახევარი ან მეტი ჩვენი ბიჭი დაბრუნდება, მგონია, სწორედ მაშინ დაიწყება ძირითადი შეჯახებები მათ შორის, ვინც ამ დროისთვის იგრძნობს, რომ ჩვენს ქვეყანაში ბატონია და ვინც მათ ნამდვილი ბატონია". – ამბობდა მატვეევი.

კომენტარები