ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი მისი ავადმყოფობის შესახებ გავრცელებულ ცნობებზე ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც მათ უშუალოდ არ უარყოფს, თუმცა "ჭორებად" მოიხსენიებს.
ამასთან, ვიდეოში კადიროვის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაციის გამვრცელებლები "კაცობას მოკლებულ ჭორიკნებად" არიან მოხსენიებულები, რომლებიც "საზღვარგარეთ თაგვებივით იმალებიან".
ჩეჩნეთის ლიდერის Telegram-არხზე გამოქვეყნებული ვიდეო მოსიარულე კადიროვს ასახავს, რომელსაც თან ახლავს სხვისი ხმით წაკითხული განცხადება.
"უფრო და უფრო ხშირად მესმის ჭორები ჩემი ავადმყოფობის შესახებ, თითქოს, ვკვდები, დიდი დრო აღარ დამრჩა. უპირველეს ყოვლისა, ავადმყოფობა და სიკვდილი თითოეული ადამიანის გზაა. ამ გზისთვის თავი ცოცხალთაგან არავის არ აურიდებია. მეორე მხრივ, არც ავადმყოფობა და არც საფრთხე სიცოცხლეს არ ამოკლებს. მის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მხოლოდ ის, ვინც სუნთქვა გვაჩუქა". - ნათქვამია ვიდეოში.
ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ თუკი კადიროვს "50, 60 ან 70 წლის განმავლობაში ცხოვრება უწერია", "იცხოვრებს, როგორც გაწერილია" და "ერთ დღესაც ვერავინ ვერ წაართმევს".
ბოლო ხანებში რუსულ ოპოზიციურ მედიებში აქტიურად წერენ და საუბრობენ, რომ რამზან კადიროვის ჯანმრთელობა 2025 წლის თებერვლიდან განსაკუთრებით დამძიმდა. ის რამდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიებაზეც კი არ გამოჩნდა და მის ნაცვლად ცერემონიებს ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარე, მაგომედ დაუდოვი უძღვებოდა. დამოუკიდებელი რუსული მედიები ასევე წერენ და აჟღერებენ თეორიებს, რომ ბოლო პერიოდში კრემლსა და კადიროვს შორის ურთიერთობა გაუარესდა.
2025 წლის თებერვალში ჩეჩნეთის ვიცეპრემიერის პოსტი დატოვა რამზან კადიროვის ქალიშვილმა, აიშატმა. გავრცელებული ცნობების მიხედვით, სამთავრობო თანამდებობები კადიროვის კიდევ ორმა ქალიშვილმა, ხუტმატმა და ხადიჟატმაც დატოვეს. გავრცელდა ცნობები, რომ კადიროვი, კრემლისგან ფარულად, ახლო აღმოსავლეთის არაბულ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს მართავდა საკუთარი აქტივების მომავლისა და ოჯახის წევრების უსაფრთხოების შესახებ, რაც, ამავე მტკიცებით, პრეზიდენტ პუტინთან ურთიერთობის გაუარესების მიზეზი გახდა.





