ჩეჩნეთი

საქართველოში გამოქცეული ქალი ძალით ან მოტყუებით ჩეჩნეთში წაყვანის შემდეგ მოკლეს – СК SOS

ორგანიზაცია СК SOS-ის ინფორმაციით, ჩეჩნეთის მოქალაქე ალია ოზდამიროვა, რომელიც მუქარის გამო ქვეყნიდან გაიქცა, 9 ნოემბერს საქართველოდან ჩეჩნეთში მოტყუებით ან იძულებით იქნა გადაყვანილი, ხოლო 12 ნოემბერს მისი დაკრძალვა შედგა. მისი მეგობრები და უფლებადამცველები კი ვარაუდობენ, რომ ალია "ღირსების მკვლელობის" მსხვერპლი გახდა.

არსებული ცნობებით, 33 წლის ალიამ ჩეჩნეთი 20 ოქტომბერს დატოვა. ის აცხადებდა, რომ მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაცია გარკვეული პირებისთვის, მათ შორის, ბიძაშვილებისთვის გახდა ცნობილი, რის გამოც მას ემუქრებოდნენ. ამის შემდეგ "ალია სტამბოლში გაემგზავრა, საიდანაც საქართველოში გადავიდა." - წერს СК SOS.

გამოძიებისას გაირკვა, რომ ალიას თავის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებითაც ემუქრებოდნენ. მას ინვესტორებისგან ფულის მოპარვას ედავებოდნენ. ალია უარყოფდა ბრალდებას და ამბობდა, რომ მახე დაუგეს. მისი თქმით, ხალხის მოტყუების მოტივი არ ჰქონდა, რადგან შეძლებული ოჯახიდან იყო და ირწმუნებოდა, რომ სწორედ ბიზნესპარტნიორებმა მიითვისეს მის მიერ გამომუშავებული მთელი ფული.

ზოგადად, ალია გავლენიანი და მდიდარი ოჯახიდან იყო. მამამისი უსმან ოზდამიროვი კადიროვის გარემოცვის წევრი და ჩეჩნეთის ფიზკულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე იყო, მანამდე კი გუდერმესკის რაიონის უფროსის თანამდებობა ეკავა.

ორგანიზაციის ცნობით, წარსულში გოგონა მშობლების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი არ ყოფილა. სიტუაცია 2020 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ გართულდა, რადგან ძმებისა და ნათესავების მხრიდან სულ უფრო ხშირი იყო პრეტენზიები მისი ცხოვრების წესთან დაკავშირებით, რის გამოც ალია მზად იყო, მუქარისა და შანტაჟის შესახებ განეცხადებინა. ამასთან, უსაფრთხო ქვეყანაში ყოფნის შემდეგ აპირებდა, საჯაროდ მოეყოლა საკუთარი ისტორია. 

СК SOS წერს, რომ ნოემბერში ალიას დაუკავშირდა მისი "ნაცნობი ადვოკატი," რომელმაც უთხრა, რომ მასზე, სავარაუდოდ, "ტერორიზმის დაფინანსების" ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, რის გამოც ის ვეღარ შეძლებდა საქართველოდან გამგზავრებას. მიუხედავად ამისა, ბაზაში ალიას წინააღმდეგ აღძრული ვერავითარი საქმის პოვნა ვერ მოხერხდა და უფლებადამცველებმა გადაწყვიტეს, რომ მისთვის უმჯობესი იყო, საქართველო 8 ნოემბერს დაეტოვებინა. 

პარალელურად, ორგანიზაციის მიხედვით, ალია კონტაქტზე იყო ბაქოში მყოფ ბიძასთან ალი ასაევთან, რომელსაც ქვეყანაში კრიმინალური წრის გავლით დიდი კონტაქტები ჰქონდა. ასაევის თქმით, საზღვარზე ჰყავდა ნაცნობი, რომელსაც შეეძლო, ალიას საზღვრის გადაკვეთაში დახმარებოდა, მაგრამ ეს მხოლოდ 10-11 ნოემბერს იქნებოდა შესაძლებელი, ამიტომ, უმჯობესი იყო, გამგზავრების დრო გადაედო.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, ბიძამისი ეუბნებოდა, რომ ნათესავებს მისი მოკვლა სურდათ, მაგრამ თავად ამას არ დაუშვებდა და დახმარებისთვის მზად იყო. სამართალდამცავები კი აფრთხილებდნენ, რომ ეს მახე იყო და უმჯობესი იქნებოდა, მათ ინსტრუქციებს მიჰყოლოდა.

СК SOS-ის მონაცემებით, 9 ნოემბერს ალიამ საქართველოსა და რუსეთის საზღვარი გადაკვეთა. მეორე დღეს კი მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, რაც 12 ნოემბერს ალიას დაკრძალვით დადასტურდა. ოჯახის თქმით, ალია ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა.

თუმცა, გოგონას მეგობრები და, ამასთან, СК SOS-ს უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ალია "ღირსების მკვლელობის" მსხვერპლი გახდა. მათი ცნობით, ზუსტად უცნობია, უკავშირდება თუ არა მისი იძულებითი დაბრუნება და შესაძლო მკვლელობა მის ორიენტაციას ან ოჯახის უკმაყოფილებას ბიზნესის პრობლემების გამო.

კომენტარები