შვედეთი-NATO

ვიქტორ ორბანმა შვედი კოლეგა ულფ კრისტერსონი უნგრეთში მიიწვია

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა შვედი კოლეგა ულფ კრისტერსონი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მიზნით ბუდაპეშტში მიიწვია. ამის შესახებ ორბანი X-ზე წერს.   

"დღეს მე შვედეთის პრემიერმინისტრს, ულფ კრისტერსონს უნგრეთში მოწვევის წერილი გავუგზავნე შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების მიზნით". - წერს ორბანი.

უნგრეთი და თურქეთი ბოლო ორი ქვეყანაა, რომლებმაც ჯერ კიდევ არ მოახდინეს შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლის ეროვნულ პარლამენტებში რატიფიცირება, რის გამოც შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება გაჭიანურებულია.

დეკემბრის ბოლოს თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, თურქეთის პარლამენტმა ეს საკითხი 23 იანვარს, დღის განმავლობაში განიხილოს.

ამავე თვეში ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხს უნგრეთის პარლამენტი ყველასგან დამოუკიდებლად გადაწყვეტს.

კომენტარები