ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელელი ტყვეების ოჯახებმა აქცია ქნესეთის შენობაში გამართეს

REUTERS/Steven Scheer

ისრაელელი ტყვეების ოჯახის წევრები ისრაელის პარლამენტის - ქნესეთის შენობაში შევიდნენ და აქცია გამართეს. ისინი ქნესეთის ფინანსთა კომიტეტის სესიაზე შეიჭრნენ, სადაც ითხოვდნენ, რომ ისრაელის ხელისუფლებამ უფრო მეტი გააკეთოს მათი ოჯახის წევრების დასაბრუნებლად. 

წინა კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ უარი თქვა ტყვეების გაცვლის შესახებ შეთანხმებაზე, რაც მისი თქმით, ისრაელისთვის არახელსაყრელ პირობებს ითვალისწინებდა. 

22 იანვარს ქნესეთის ფინანსთა კომიტეტში ისრაელის ბანკის გამგებლის ამირ იარონის მოხსენება უნდა მოესმინათ 2024 წლის ბიუჯეტზე, რაც ისრაელელი ტყვეების ოჯახებმა ჩაშალეს. ქნესეთში ერთმა ქალმა თავისი ოჯახის სამი წევრის ფოტოები მიიტანა, რომლებიც დღემდე ჰამასის ტყვეობაში იმყოფებიან. ქალი ყვიროდა, რომ თანახმაა ოჯახის სამი წევრიდან ერთი მაინც დაიბრუნოს ცოცხალი. ამჟამად ჰამასის ტყვეობაში 136 მძევალია. 

ქნესეთში შეჭრამდე მძევლების ოჯახის წევრები ისრაელის პრემიერმინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შესახვედრად მიიწვიეს. 

აქამდე ისრაელელი ტყვეების ოჯახის წევრებმა ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლთან კარვები გაშალეს და დემონსტრაციებს მართავდნენ. 

კომენტარები