ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

WSJ: აშშ-ს გათვლებით, ომის დაწყებიდან დღემდე ისრაელმა ჰამასის ტერორისტების 20-30% მოკლა

ღაზის სექტორი ისრაელის საჰაერო იერიშის დროს, 22 ნოემბერი, 2023
John MacDougall/AFP via Getty Images

აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოების გათვლებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ ჰამასის ტერორისტების 20-30% გაანადგურა. ინფორმაციას გამოცემა Wall Street Journal-ი ავრცელებს.

აღნიშნული მონაცემები აჩვენებს, რომ ომის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ისრაელი ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის სრული განადგურების გაცხადებულ მიზანთან ახლოს არ არის.

ამასთანავე, გამოცემის თქმით, აშშ ვარაუდობს, რომ ჰამასი ჯერ კიდევ ფლობს საკმარის სამხედრო მარაგს, რათა ისრაელზე და ისრაელის ძალებზე თავდასხმები დამატებით რამდენიმე თვე გაგრძელდეს.

Wall Street Journal-ის ცნობით, ისრაელელი მაღალჩინოსნები აღიარებენ, რომ ღაზაში მიმდინარე საჰაერო და სახმელეთო კამპანიის მიუხედავად, ჰამასის განადგურება მიუღწეველ მიზნად რჩება. ამას გარდა, აშშ-დან წამოსული წნეხის შედეგად, ისრაელმა ღაზის სექტორიდან ათასობით ჯარისკაცი გამოიყვანა, რათა მოქმედებები ფართომასშტაბიანი კამპანიიდან შედარებით წერტილოვანი იერიშების ფაზაში გადავიდეს. თუმცა, სამხედრო მაღალჩინოსნების თქმით, ომი შესაძლოა, რამდენიმე თვე გაგრძელდეს.

კომენტარები