ეკვადორი

ეკვადორში ტელევიზიაზე თავდასხმის გამომძიებელი პროკურორი მოკლეს

სეზარ სუარესი
FACEBOOK

ეკვადორელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, მოკლეს პროკურორი სეზარ სუარესი, რომელიც გასულ კვირას კრიმინალური ბანდების მიერ ტელევიზიაზე განხორციელებულ თავდასხმას იძიებდა.

ქვეყნის გენერალური პროკურორის თქმით, სუარესი გუაიასის პროვინციის საპორტო ქალაქ გუაიაკილში ოთხშაბათს, 17 იანვარს მოკლეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პროკურორს თავისი ოფისის მახლობლად, ავტომობილის მართვის დროს ესროლეს. გადაუმოწმებელ კადრებში ასევე ჩანს მანქანა, რომელსაც ფანჯარაზე ტყვიების ნახვრეტები აქვს.

მკვლელობამდე ერთი დღით ადრე, გაზეთ El Universo-სთვის მიცემულ ინტერვიუში სუარესმა თქვა, რომ ტელეკომპანიაზე თავდასხმის შემდეგ დაკავებული 13 ადამიანის დაკითხვის შემდეგაც, მისთვის პოლიციას დაცვა არ შეუთავაზებია.

პროკურორის მკვლელობა ეკვადორში ძალადობრივი ინციდენტების მომრავლებასთან დაკავშირებული უკანასკნელი ფაქტია.

ქვეყანაში არეულობა 8 იანვარს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის "მთავარი ძებნილი", კრიმინალური დაჯგუფება Los Choneros-ის ლიდერი, გენერალი ხოსე ადოლფო მასიასი ციხიდან გაიქცა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე საიდუმლოდ რჩება.

მომდევნო დღეებში აღნიშნულ ფაქტს ქვეყნის მასშტაბით ეკვადორის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი კვირა მოჰყვა. ბანდების წევრებმა ციხეებში აიყვანეს მძევლები, ქალაქებში დაწვეს შენობები და თავს დაესხნენ უსაფრთხოების ძალებს. 9 იანვარს შეიჭრნენ ტელევიზიის პირდაპირ ეთერში და წამყვანები და ოპერატორები მძევლებად აიყვანეს.

საპასუხოდ, პრეზიდენტმა დანიელ ნობოამ "საშინაო შეიარაღებული კონფლიქტი" გამოაცხადა და პოლიციას მისცა ბრძანება, გაენეიტრალებინათ კრიმინალური ჯგუფები, რომლებმაც ქვეყანაში არეულობა წამოიწყეს.

13 იანვარს ეკვადორის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ციხეებში კრიმინალური ბანდების წევრების მიერ მძევლად აყვანილი ყველა პირი - 158 ზედამხედველი და კიდევ 20 თანამშრომელი გაათავისუფლეს.

14 იანვარს პოლიციამ და სამხედროებმა ციხეებში წესრიგის აღდგენა დაიწყეს.

კომენტარები