ეკვადორი

ეკვადორში "საშინაო შეიარაღებული კონფლიქტი" გამოცხადდა

პირდაპირ ეთერში შეჭრილი შეიარაღებული პირები 

ეკვადორის პრეზიდენტმა, დანიელ ნობოამ "საშინაო შეიარაღებული კონფლიქტი" გამოაცხადა და პოლიციას მისცა ბრძანება, გააუვნებელყონ კრიმინალური ჯგუფები, რომლებმაც ქვეყანაში არეულობა წამოიწყეს.

ბრძანება ეკვადორის პრეზიდენტმა მას შემდეგ გამოსცა, რაც შეიარაღებული პირები ტელევიზიის შენობაში შეიჭრნენ და პირდაპირ ეთერში აიყვანეს მძევლები.

შემთხვევა ქალაქ გუაიაკილში მოხდა. პირდაპირი ეთერიდან გავრცელებულ ვიდეოებში ჩანდა, როგორ სცემდნენ ნიღბიანი პირები ტელევიზიის თანამშრომლებს, ისმოდა სროლის ხმები.

ეკვადორის პოლიციამ გაავრცელა განცხადება, რომ ტელევიზიის შენობა გაათავისუფლეს, ყველა შეიარაღებული პირი დააკავეს და მძევლები უვნებლები არიან. დაკავებულია 13 პირი.

ტელევიზია TC-ს ერთ-ერთი თანამშრომელის თქმით, შეიარაღებულებს სურდათ, რომ ჟურნალისტებს მათი სიტყვები გაევრცელებინათ.

ეკვადორში პერიოდულად ისმის აფეთქებების ხმები, იტაცებენ პოლიციელებს და ციხეში ბუნტებს აწყობენ მას შემდეგ, რაც ბანდა Los Chonelos-ის ლიდერი, ადოლფო ფიტო მასიასი ციხიდან გაიქცა და ქვეყანაში 60-დღიანი საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა.

ქვეყანაში დილის 11 საათიდან საღამოს 5 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს.

ეკვადორის შეიარაღებული ძალების მეთაურის თქმით, არც უკან დაიხევენ და არც მოლაპარაკებებს დაიწყებენ. მისი თქმით, ქვეყნის მომავალი საფრთხეშია.

ეკვადორში უსაფრთხოების სიტუაციის გაუარესება დაკავშირებულია ერთმანეთთან დაპირისპირებულ სხვადასხვა ბანდებთან, რომლებიც ნარკოტიკებით სავაჭრო გზების კონტროლს ცდილობენ.

ამას გარდა, ციხიდან გაიქცა კიდევ ერთი ბანდის ლიდერი, ფაბრიციო კოლონ პიკო, რომელიც 5 იანვარს დააკავეს.

კომენტარები