ეკვადორი

ეკვადორის სპეცრაზმი მექსიკის საელჩოში შეიჭრა, მექსიკა დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს

NBC News

ეკვადორში, ქალაქ კიტოში, სპეცდანიშნულების რაზმი მექსიკის საელჩოში შეიჭრა და ეკვადორის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ხორხე გლასი დააკავა.

სპეცოპერაციის დროს დაშავდა რამდენიმე მექსიკელი დიპლომატი, რომელიც საელჩოში იმყოფებოდა.

მექსიკის პრეზიდენტმა, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა საელჩოში შეჭრას "ავტორიტარული აქტი" და "საერთაშორისო სამართლისა და მექსიკის სუვერენიტეტის დარღვევა" უწოდა.

მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ალისია ბარსენას თქმით, ქვეყანა დაუყოვნებლივ წყვეტს დიმპლომატიურ ურთიერთობას ეკვადორთან.

ეკვადორის ხელისუფლებამ გლასის დაკავების ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ მექსიკის მიერ ყოფილი ვიცეპრეზიდენტისთვის თავშესაფრის მიცემა, მიღებული სამართლებრივი ნორმების დარღვევაა, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სპეცოპერაციას საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა უწოდა.

მექსიკა აპირებს, რომ მომხდარ ინციდენტზე გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მიმართოს.

შემთხვევას გამოეხმაურა ეკვადორის ყოფილი პრეზიდენტი რაფაელ კორეა:

"ის, რაც ჩაიდინა ნობოას მთავრობამ ლათინოამერიკული ქვეყნების ისტორიაში უპრეცენდენტოა. ყველაზე საშინელი დიქტატურების მმართველობის პერიოდშიც კი არ დარღვეულა რომელიმე საელჩოს უფლებები. ჩვენ ვცხოვრობთ ბარბაროსულ სახელმწიფოში".

კორუფციისთვის გასამართლებული ხორხე გლასი მექსიკის საელჩოს 2023 წლის დეკემბრიდან აფარებდა თავს. მიმდინარე წლის 5 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მექსიკა მას პოლიტიკურ თავშესაფარს აძლევს, რამდენიმე საათში საელჩოში ძალოვანები შეიჭრნენ.

კომენტარები