ეკვადორი

მძევლების კრიზისის შემდეგ, ეკვადორმა ციხეებში წესრიგის აღდგენა დაიწყო

შეიარაღებული ძალების შესვლა ეკვადორის ქალაქ კუენკაში მდებარე ტურის ციხეში, 2024 წლის 14 იანვარი
Armed Forces of Ecuador via REUTERS

ეკვადორში პატიმრების მიერ მძევლების აყვანის შემდეგ, რაც ქვეყნის "შიდა შეიარაღებულ კონფლიქტში" გადაიზარდა, პოლიციამ და სამხედროებმა ციხეებში წესრიგის აღდგენა დაიწყეს.

ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტოები, რომლებზეც ასახულია სამხედროების შესვლა იმ 7 ციხეში, სადაც მძევლების კრიზისი დაიწყო. უსაფრთხოების ძალებმა ციხეები გაჩხრიკეს და დაწესებულებებზე კონტროლიაღადგინეს. ფოტოებზე ასევე ასახულია ხელბორკილდადებული პატიმრების ჯგუფები.

"ეროვნული პოლიცია ამ ადამიანების უფლებებს პატივს სცემს. ჩვენ ამას ძალიან მშვიდად ვაკეთებთ". - თქვა ნორმან კანომ, ესმერალდასის ციხის პოლიციის უფროსმა.

მანამდე, 13 იანვარს ეკვადორის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ციხეებში კრიმინალური ბანდების წევრების მიერ მძევლად აყვანილი ყველა პირი - 158 ზედამხედველი და კიდევ 20 თანამშრომელი - გაათავისუფლეს.

ეკვადორში არეულობა გასულ ორშაბათს, 8 იანვარს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის "მთავარი ძებნილი", კრიმინალური დაჯგუფება Los Choneros-ის ლიდერი, გენერალი ხოსე ადოლფო მასიასი ციხიდან გაიქცა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე საიდუმლოდ რჩება.

მომდევნო დღეებში აღნიშნულ ფაქტს ქვეყნის მასშტაბით ეკვადორის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი კვირა მოჰყვა. ბანდების წევრებმა ციხეებში აიყვანეს მძევლები, ქალაქებში დაწვეს შენობები და თავს დაესხნენ უსაფრთხოების ძალებს. 9 იანვარს შეიჭრნენ ტელევიზიის პირდაპირ ეთერში და წამყვანები და ოპერატორები მძევლებად აიყვანეს.

საპასუხოდ, პრეზიდენტმა დანიელ ნობოამ "საშინაო შეიარაღებული კონფლიქტი" გამოაცხადა და პოლიციას მისცა ბრძანება, გაენეიტრალებინათ კრიმინალური ჯგუფები, რომლებმაც ქვეყანაში არეულობა წამოიწყეს.

კომენტარები