ინდოეთი

ინდური AI სტარტაპის ხელმძღვანელი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბარგში შვილის ცხედარი უპოვეს

სუჩანა სეტი შვილთან ერთად

ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით დამწყები ინდური კომპანიის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი მას შემდეგ დააკავეს, რაც მას ბარგში 4 წლის შვილის ცხედარი უპოვეს.

სუჩანა სეტი ინდოეთში სტარტაპ კომპანიის The Mindful AI Lab-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი იყო. იგი მეზობელი გოადან ტაქსით ბრუნდებოდა, რა დროსაც კარნატაკას შტატში დააკავეს. პოლიციის თქმით, 4 წლის შვილის მკვლელობის საქმეში ის მთავარი ეჭვმიტანილია.

გოას პოლიციის ინფორმაციით, სეტი სასტუმროში შაბათს, 6 იანვარს, შვილთან ერთად დარეგისტრირდა, თუმცა, ორი დღის შემდეგ, როდესაც მან სასტუმრო დატოვა, შვილი თან აღარ ახლდა. სასტუმროს პერსონალმა კი ოთახში სისხლის ლაქები იპოვა, რის შემდეგაც ისინი პოლიციას დაუკავშირდნენ.

შეტყობინების მიღების შემდეგ პოლიციამ ტაქსის მძღოლს დაურეკა და მოუწოდა მგზავრი უახლოეს პოლიციის განყოფილებაში მიეყვანა.

"როდესაც მისი ბარგი გახსნეს, მოკლული ბავშვის ცხედარი იპოვეს". - განუცხადა გოას პოლიციის ზედამხედველმა ჟურნალისტებს.

ინდური გამოცემის The Times of India-ს ცნობით, პირველადი გამოძიებით დადგინდა, რომ შვილის გაგუდვის შემდეგ მან თავის მოკვლა მარცხენა ხელის გადაჭრით სცადა. პოლიციის თქმით, სასტუმროს პერსონალმა ოთახში სწორედ ამ მცდელობით გაჩენილი სისხლის ლაქები იპოვა.

კომენტარები