პოლონეთი-რუსეთი

რუსეთი პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე განმარტების გაკეთებამდე მტკიცებულებას ითხოვს

RIA Novosti / Maxim Zakharov 

პოლონეთში რუსეთის დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი ორდაშმა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების შემდეგ თქვა, რომ მოსკოვი არ აპირებს ახსნა-განმარტების მიცემას პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ მანამ, სანამ რუსეთს მტკიცებულებებს არ მიაწვდიან. ამის შესახებ ორდაშმა რუსულ სამთავრობო მედიასთან ისაუბრა

"სანამ არ იქნება კონკრეტული მტკიცებულებები, ჩვენ არ გავცემთ ახსნა-განმარტებებს, რადგან ეს ბრალდებები უსაფუძვლოა". - თქვა მან.

გარდა ამისა, ორდაშმა გაიხსენა გასული წლის ნოემბერში მომხდარი შემთხვევა, რა დროსაც პოლონეთის სასაზღვრო სოფელში რაკეტის გასროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. 

"ეს სიტუაცია ძალიან მოგვაგონებს გასული წლის ნოემბრის ინციდენტს, როდესაც რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე დაეცა და ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შემდეგ ისინიც ცდილობდნენ ამ ინციდენტში რუსული მხარის დადანაშაულებას. მოგვიანებით გაირკვა, რომ რაკეტა უკრაინელმა სამხედროებმა გაისროლეს". - თქვა ორდაშმა.

პარასკევს, 29 დეკემბერს, პოლონეთის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსულმა რაკეტამ დაარღვია ქვეყნის საჰაერო სივრცე. პოლონელი სამხედროების თქმით, რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში 40 კილომეტრზე შეიჭრა, სადაც სამი წუთის განმავლობაში იყო, შემდეგ კი უკრაინის საჰაერო სივრცეში დაბრუნდა.

ამის შემდეგ რუსეთის დროებითი რწმუნებული ახსნა-განმარტებისთვის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

კომენტარები