პოლონეთი-რუსეთი

პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსული რაკეტის გამო დუდამ საგანგებო სხდომა გამართა

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა, 29 დეკემბერი, 2023
Kancelaria Prezydenta / X

პოლონეთის შეიარაღებული ძალების მეთაურის თქმით, რუსული რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში სამი წუთის განმავლობაში იყო, რის შემდეგაც უკრაინის საჰაერო სივრცეში დაბრუნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში 40 კილომეტრზე შეიჭრა. აღნიშნული ინციდენტი დაემთხვა რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე მიტანილ მასობრივ იერიშს, რა დროსაც აფეთქებები ისმოდე კიევში, ლვოვის ოლქში, ზაპოროჟიეში, დნეპრში, ოდესასა და ხარკოვში.

პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსული რაკეტის ფონზე, პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ საგანგებო უშიშროების სხდომა გამართა, ხოლო იმ ადგილზე, სადაც რაკეტა რადარებმა დააფიქსირეს, დაახლოებით 200-მდე პოლიციელი სამძებრო სამუშაოებს ატარებს.

შემთხვევას NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) გამოეხმაურა. მისი თქმით, პოლონეთის პრეზიდენტთან ინციდენტის შესახებ უკვე ისაუბრა და განაცხადა, რომ "NATO ღირებული მოკავშირის გვერდში სოლიდარობით დგას, სიტუაციას აკვირდება და ფაქტების გარკვევის პროცესში კავშირზე იქნება".

"NATO ფხიზლად დარჩება". - დაამატა სტოლტენბერგმა.

29 დეკემბერს უკრაინის ქალაქებზე რუსეთმა მორიგი მასობრივი იერიში მიიტანა, რასაც უკრაინის საჰაერო ძალებში ომის განმავლობაში რუსეთის მიერ მიტანილი უდიდესი იერიში უწოდეს.

"ამდენი სამიზნე ერთდროულად ჩვენს მონიტორებზე ჯერ არ გვინახავს". –თქვა უკრაინის საჰაერო ძალების პოლკოვნიკმა, იური იგნატმა.

კომენტარები