ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი

გაგლოევის თქმით, ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან შეერთება ახლა შეუძლებელია, თუმცა განიხილება

TASS

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტი ლიდერი, ალან გაგლოევი ამბობს, რომ ამჟამად რუსეთთან შეერთება შეუძლებელია, თუმცა საკითხი დღის წესრიგიდან არ მოუხსნიათ.

"ხალხის მოტყუება საჭირო არაა. ამჟამინდელ სიტუაციაში საკითხის გადაჭრის შესაძლებლობა არაა. მუდმივ კავშირზე ვართ რუს კოლეგებთან. დღის წესრიგიდან არ მოხსნილა". – თქვა გაგლოევმა.

ამას გარდა, მარიონეტის თქმით, მათი "საგარეო პოლიტიკის" მთავარი მიმართულება რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოსთან კონტაქტების დამყარებაა და ამისთვის "გარკვეულ ნაბიჯებს დგამენ".

გაგლოევის თქმით, როდესაც ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა, მას უთხრა, რომ "ოს ხალხს ღალატი არ შეუძლია".

"ამის შესახებ შეხვედრის დროს ვაცნობე ჩემს რუს კოლეგას. პასუხი გამცა: ვიციო. და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი ასევე ჩვეულებრივი ადამიანია, რამდენადაც რთული, იმდენად უბრალო". – თქვა გაგლოევმა.

გასული წლის მაისში ოკუპირებული ცხინვალის ყოფილმა მარიონეტმა ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ რუსეთთან შეერთების უკანონო რეფერენდუმის თარიღად 17 ივლისი გამოაცხადა. მაისის ბოლოს, მას შემდეგ, რაც გაგლოევმა ე.წ. არჩევნებში გაიმარჯვა, მან რეფერენდუმი გააუქმა, იმ გამართლებით, რომ პროცესი ცალმხრივი არ უნდა ყოფილიყო.

გაგლოევი: მზად ვართ ინტეგრაციული პროცესი რუსეთთან შეერთებამდე განვავითაროთ

 

კომენტარები