ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი

გაგლოევი: მზად ვართ ინტეგრაციული პროცესი რუსეთთან შეერთებამდე განვავითაროთ

TASS

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტმა ლიდერმა, ალან გაგლოევმა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან, დმიტრი მედვედევთან 25 აგვისტოს გამართული შეხვედრის დროს კვლავ გამოთქვა რუსეთის ფედერაციასთან შეერთების სურვილი.

გაგლოევმა მედვედევთან საუბრის დროს ახსენა ცრუ ისტორიული ფაქტიც.

"ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ 1774 წელს ოსეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ნებაყოფლობით შევიდა და მას შემდეგ არასდროს შეუცვლია ისტორიული არჩევანი. მსურს დაგარწმუნოთ, პატივცემულო დმიტრი ანატოლევიჩ, რომ ჩვენ დღესაც მზად ვართ ინტეგრაციის პროცესი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლამდე განვავითაროთ". – თქვა გაგლოევმა.

მედვედევისა და მარიონეტი ლიდერების შეხვედრა 25 აგვისტოს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების 15 წლისთავიდან ერთი დღით ადრე შედგა.

აქამდე, გასულ დღეებში დმიტრი მედვედევი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში გაწევრიანებით იმუქრებოდა.

"არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება. ძველებურად მზად ვართ პრობლემები მოლაპარაკებების მაგიდასთან, გაეროს წესდების სულისკვეთებით გადავჭრათ. მაგრამ თუ ჩვენი შეშფოთება რეალურად გამოიკვეთება, არ დავაყოვნებთ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა ძველებურად პოპულარულია. და სავსებით შეიძლება მისი რეალიზება, თუ საფუძვლიანი მიზეზები გაჩნდება". – წერდა მედვედევი სტატიაში.

ამ სიტყვებს უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმში.

მედვედევის სიტყვებს გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მმართველი პარტია ერთიანი რუსეთის წევრი კონსტანტინ ზატულინი და Газета.Ru-სთან თქვა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან შეერთებისთვის პირველ რიგში ამ ე.წ. რესპუბლიკების მოსახლეობის ნებაა გასათვალისწინებელი.

გასული წლის მაისში ოკუპირებული ცხინვალის ყოფილმა მარიონეტმა ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ რუსეთთან შეერთების უკანონო რეფერენდუმის თარიღად 17 ივლისი გამოაცხადა. მაისის ბოლოს, მას შემდეგ, რაც გაგლოევმა ე.წ. არჩევნებში გაიმარჯვა, მან რეფერენდუმი გააუქმა, იმ გამართლებით, რომ პროცესი ცალმხრივი არ უნდა ყოფილიყო.

კომენტარები