არგენტინა

ხავიერ მილეი 7000 საჯარო მოხელის სამსახურიდან დათხოვნას გეგმავს

არგენტინის პრეზიდენტი, ხავიერ მილეი
Getty Images

არგენტინის ახლადარჩეული პრეზიდენტი ხავიერ მილეი საბიუჯეტო ხარჯების შესამცირებლად სამსახურიდან 7000 საჯარო მოხელის დათხოვნას გეგმავს.

როგორც გამოცემა Infocielo წერს, შემცირება შეეხება 2023 წლის 1 იანვრიდან საჯარო სამსახურში აყვანილ პირებს.

მილეიმ 20 დეკემბერს ქვეყანაში ეკონომიკის დერეგულაციის გეგმა გამოაცხადა, რაც სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი კომპანიების პრივატიზაციას, ფასებზე კონტროლის გაუქმებასა და ექსპორტის ხელშეწყობასაც მოიცავს.

მანამდე, არგენტინაში ეკონომიკური კრიზისის აღმოსაფხვრელად მან ეროვნული ვალუტის ღირებულება ამერიკულ დოლართან მიმართებით 50%-ზე მეტით შეამცირა, ხოლო ელექტროენერგიასა და ტრანსპორტზე სუბსიდიები გააუქმა. ამას გარდა, მისმა სპიკერმა მანუელ ადორნიმ 12 დეკემბერს განაცხადა, რომ ახალი მთავრობა ქვეყნის საჯარო სექტორში "აქტივისტების" დასაქმებას წერტილს დაუსვამს, რათა ქვეყანაში ფისკალური დეფიციტი აღმოიფხვრას.

ხავიერ მილეის საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი უმთავრესი გზავნილი სახელმწიფოს ზომისა და ხარჯების შემცირება იყო. 10 დეკემბერს ლიბერტარიანელმა პრეზიდენტმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისის გადასაჭრელად ფისკალური შოკი გარდაუვალი იქნება. ხოლო მოგვიანებით, მან პირველივე საკანონმდებლო აქტით სამინისტროების რაოდენობა 18-იდან 9-მდე შეამცირა და ახალი მინისტრთა კაბინეტი წარადგინა.

კომენტარები