არგენტინა

ხავიერ მილეიმ არგენტინის ეკონომიკის დერეგულაციის დაწყება გამოაცხადა

არგენტინის პრეზიდენტის ხავიერ მილეის ინაუგურაციის ცერემონია
Agustin Marcarian/Reuters

არგენტინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ 20 დეკემბერს ქვეყანაში ეკონომიკის დერეგულაციის გეგმა გამოაცხადა, რაც სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი კომპანიების პრივატიზაციას, ფასებზე კონტროლის გაუქმებასა და ექსპორტის ხელშეწყობასაც მოიცავს.

მემარჯვენე ლიბერტარიანელი პრეზიდენტის თქმით, "მიზანია დავიწყოთ გზაზე, რათა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა აშენდეს, ხოლო ინდივიდებს ავტონომია და თავისუფლება დაუბრუნდეთ, და გარდავქმნათ ის უზარმაზარი რაოდენობის რეგულაციები, რომლებმაც შეაფერხეს, შეაჩერეს და შეაყოვნეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა".

დაახლოებით 300-მდე ცვლილებით, მილეი მთავრობის მფლობელობაში მყოფი კომპანიების პრივატიზაციას და კერძო სექტორში შეზღუდვების მოხსნას გეგმას, მათ შორის, გამქირავებლებსა და დამსაქმებლებზე.

მანამდე, არგენტინაში ეკონომიკური კრიზისის აღმოსაფხვრელად მან ეროვნული ვალუტის ღირებულება ამერიკულ დოლართან მიმართებით 50%-ზე მეტით შეამცირა, ხოლო ელექტროენერგიასა და ტრანსპორტზე სუბსიდიები გააუქმა. ამას გარდა, მისმა სპიკერმა მანუელ ადორნიმ 12 დეკემბერს განაცხადა, რომ ახალი მთავრობა ქვეყნის საჯარო სექტორში "აქტივისტების" დასაქმებას წერტილს დაუსვამს, რათა ქვეყანაში ფისკალური დეფიციტი აღმოიფხვრას.

ხავიერ მილეის საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი უმთავრესი გზავნილი სახელმწიფოს ზომისა და ხარჯების შემცირება იყო. 10 დეკემბერს ლიბერტარიანელმა პრეზიდენტმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისის გადასაჭრელად ფისკალური შოკი გარდაუვალი იქნება. ხოლო მოგვიანებით, მან პირველივე საკანონმდებლო აქტით სამინისტროების რაოდენობა 18-იდან 9-მდე შეამცირა და ახალი მინისტრთა კაბინეტი წარადგინა.

კომენტარები