რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთში ღალატის ბრალდებით დააკავეს მეცნიერი, რომელიც ჰიპერბგერით ტექნოლოგიებს იკვლევდა

ვლადისლავ გალკინი

რუსეთში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს ფიზიკოსი ვლადისლავ გალკინი, რომელიც ჰიპერბგერით ტექნოლოგიებს იკვლევდა. 

როგორც დამოუკიდებელ რუსულ მედიაში წერენ, მეცნიერი, ნოვოსიბირსკის სოვეტსკის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯერ კიდევ ამ თვის დასაწყისში წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. უცნობია თუ რა საქმესთან დაკავშირებით ედება ბრალი.

ინფორმაცია თავდაპირველად პროექტმა T-invariant-მა გაავრცელა. მათამის შესახებ ნოვოსიბირსკის სოვეტსკის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ელენა ნეფედოვამ შეატყობინა.

როგორც T-invariant-ი წერს, გალკინი ჰიპერბგერულ თემატიკაზე ამ წლის აპრილში დაკვებული მეცნიერების: ვალერი ევეგინცევის, ანატოლი მასლოვისა და ალექსანდრ შიპლიუკის ნაშრომების თანაავტორი იყო. ეს ფიზიკოსები რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის ფილიალის თეორიული და გამოყენებითი მექანიკის ინსტიტუტის თანამშრომლები იყვნენ. 

უცნობია თუ ზუსტად როდის დააკავეს გალკინი, თუმცა 6 დეკემბერს სასამართლოს პრესსამსახურმა გაავრცელა ცნობა ვალერი ზვეგინცევის ზედამხედველობის ქვეშ დატოვების პერიოდის გახანგრძლივების შესახებ და ასევე ახსენეს მეორე დაკავებულიც, რომლის სახელიც არ დაუკონკრეტებიათ. როგორც T-invariant-ი ირწმუნება, სწორედ ეს ადამიანი იყო ვლადისლავ გალკინი.

რაც შეეხება თვად გალკინს, როგორც პროექტი წერს, ის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი და ტომსკის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დოცენტია. ის ვალერი ზვეგინცევთან ერთად რეგულარულად აქვეყნებდა ნაშრომების. მათი მთავარი მიმართულება ჰიპერბგერითი ტექნოლოგიები იყო. T-invariant-ის წყაროს ცნობით, ისინი ერთად მუშაობდნენ ჰიპერბგერითი საფრენი აპარატების ჰაერის შემწოვ დანადგარებზე, მათ შორის ჰიპერბგერით რაკეტა კინჟალისა და ცირკონისთვის.

ამ წლის მაისში გავრცელდა ცნობა, რომ სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით დააკავეს სამი მეცნიერი: ანატოლი მასლოვი, ალექსანდ შიპლიუკოვი და ვალერი ზვეგინცევი. შემდეგში გაირკვა, რომ ისინი მონაწილეობდნენ ევროკავშირის TransHyBerian-ის მეშვიდე პროგრამაში, რომლის კოორდინატორის ბელგიის ფონ კარმანის ჰიდროდინამიკის ინსტიტუტი იყო.

ჰიპერბგერით რაკეტებზე მომუშავე რუს მეცნიერებს ბრალად სახელმწიფო ღალატს სდებენ

T-invariant-ის ცნობით, სამივე მრავალი წლის განმავლობაში თანაავტორებდნენ ნაშრომებს, რომელთა მოძიება სამეცნიერო სტატიების ღია ბაზებშიცაა შესაძლებელი. ფორმალურად, მათ ბრალი წაუყენეს ღალატის მუხლით, ჩინეთსა და ირანში კონფერენციებსა და პუბლიკაციებში საიდუმლო ინფორმაციების გამოყენების გამო.

TransHyBerian-ში მონაწილეობდა პროფესორი ნ. ჟუკოვსკის სახელობის აეროჰიდროდინამიკის ინსტიტუტი, სადაც მუშაობდნენ ანატოლი გუბანოვი და ვალერი გოლუბკინი, რომლებიც ასევე ღალატში იყვნენ დადანაშაულებულები. ანატოლი გუბანოვი 2020 წლის დეკემბერში დააკავეს და ამ წლის ოქტომბერში თავისუფლების 12 წლით აღკვეთა მიუსაჯერს. 2023 წლის ივნისში 12-წლიანი სასჯელი მიიღო გოლუბკინმაც.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ომში უკრაინამ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მეშვეობით უკვე რამდენჯერმე შეძლო რუსული ჰიპერბგერითი რაკეტა კინჟალის უვნებელყოფა. წარსულში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ტრაბახობდა, რომ მისი ქვეყანა ჰიპერბგერით რაკეტებში მოწინავე იყო და მათ დანადგარებს შეეძლოთ განევითარებინათ 10 მახის (12 250 კმ/სთ) სიჩქარე.

კომენტარები