რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჰიპერბგერით რაკეტებზე მომუშავე რუს მეცნიერებს ბრალად სახელმწიფო ღალატს სდებენ

კინჟალის ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტით შეიარაღებული МиГ-31

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ჰიპერბგერით რაკეტებზე მომუშავე მეცნიერები "ძალიან სერიოზული ბრალდებების" წინაშე არიან. საუბარია სახელმწიფო ღალატის ბრალდებებზე, რაშიც ეჭვმიტანილია სამი რუსი მეცნიერი. 

მეცნიერების დასაცავად ღია წერილი დაწერეს მათმა ციმბირელმა კოლეგებმა. კრემლის სპიკერის თქმით, მათ ეს წერილი ნახეს.

წერილში, რომელიც 15 მაისს გამოქვეყნდა, სამი ბრალდებული რუსი მეცნიერის: ანატოლი მასლოვის, ალექსანდრ შიპლიუკისა და ვალერი ზვეგინცევის კოლეგები ამბობდნენ, რომ ეს ადამიანები უდანაშაულოები არიან და მათ წინააღდეგ საქმის წარმოება რუსეთის მეცნიერებისთვის საფრთხის შემცველია.

"ჩვენ ყოველ მათგანს ვიცნობთ, როგორც პატრიოტსა და ღირსეულ პიროვნებას, რომლებსაც არ შეუძლიათ ისეთი რაღაცის გაკეთება, რაზეც გამოძიება ბრალს სდებს". – ნათქვამი იყო წერილში.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილებამ რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან თქვა, რომ ზვეგინცევი, რომელიც თეორიული და გამოყენებითი მექანიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი იყო, სამი კვირის წინ დააკავეს და შინაპატიმრობაში იმყოფება. ამავე ცნობით, დაკავების მიზეზი გახდა მის მიერ ირანულ ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია, რომელიც გაზოდინამიკას ეხებოდა. წყაროს თქმით, გამოქვეყნებამდე ნაშრომმა გაიარა ორი ექსპერტიზა შესაძლო საიდუმლოების შემცველობის შესახებ.

2012-ში მასლოვმა და შიპლიუკმა ჰიპერბგერითი რაკეტის დიზაინზე ექსპერიმენტების შედეგები საფრანგეთში, ქალაქ ტურში წარადგინეს. მათ ეკუთვნით წიგნიც, რომელიც ასევე ჰიპერბგერით დანადგარებს შეეხებოდა.

ღია წერილში ნათქვამი იყო, რომ "ნებისმიერი სახის სტატიამ ან შეტყობინებამ შესაძლოა მიგვიყვანოს უმაღლესი ღალატის ბრალდებამდე"

"ამ სიტუაციაში ჩვენ არამხოლოდ კოლეგების ბედი გვაწუხებს, არამედ ისიც არ ვიცით, როგორ უნდა გავაგრძელოთ საქმიანობა". - ნათქვამი იყო წერილში. 

წერილში ნახსენები იყო დმიტრი კოლკერიც, რომელიც ასევე ციმბირელი მეცნიერი იყო და დააკავეს სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით. მას მუცლის ღრუში სიმსივნური წარმონაქმნი ჰქონდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, მოსკოვში ჩავიდა. ის აქედან 2 წლის შემდეგ გარდაიცვალა.

"ახლაც კი, საუკეთესო სტუდენტები უარს ამბობენ რომ მოვიდნენ ჩვენთან სამუშაოდ და ჩვენი საუკეთესო ახალგაზრდა თანამშრომლები მეცნიერებას ტოვებენ". - ნათქვამი იყო წერილში.

"არ მგონია, რომ კრემლს რაიმე სახის რეაგირება შეუძლია. ჩვენ ნამდვილად ვნახეთ ეს მიმართვა, მაგრამ რუსეთის სპეცსასმახურები მუშაობენ, ისინი თავიანთ ფუნქციას ასრულებენ. ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა. რა თქმა უნდა, ადამიანი მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება ცნო დამნაშავედ". – თქვა პესკოვმა.

წარსულში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ტრაბახობდა, რომ მისი ქვეყანა ჰიპერბგერით რაკეტებში მოწინავე იყო და მათ დანადგარებს შეეძლოთ განევითარებინათ 10 მახის (12 250 კმ/სთ) სიჩქარე, მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის გვერდის ასავლელად. ამის მიუხედავად, გასულ დღეს უკრაინამ გაავრცელა ცნობა, რომ მათ ერთ ღამეში 6-დან 6 კინჟალის ტიპის ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა უვნებელყვეს.

კომენტარები