ფინეთი-რუსეთი

ფინეთი რუსეთთან საზღვარს ერთი თვით კვლავ ჩაკეტავს

Reuters

14 დეკემბერს ფინეთმა გადაწყვიტა, რუსეთთან საზღვარი ერთი თვით ისევ მთლიანად ჩაკეტოს. გადაწყვეტილება ხვალიდან, 15 დეკემბრიდან 2024 წლის 14 იანვრამდე იმოქმედებს. ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, მარი რანტანენის თქმით, აღმოსავლეთ საზღვართან შექმნილი მდგომარეობა ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს.

"ნათელია, რომ უკანონო იმიგრაციის ფენომენი საგარეო ძალის გავლენის გამო განვითარდა და ასევე კრიმინალთანაა დაკავშირებული. ფინეთი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას იმ საკითხებში, რომლებიც ფინეთს ეხება". – თქვა რანტანენმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე თქვა, რომ 14 დეკემბერს საზღვარი სიტუაციის შესამოწმებლად გახსნეს. ხელისუფლებას სურდა, გაერკვია, ახალი უკანონო იმიგრანტები საზღვართან მოვიდოდნენ თუ არა. როგორც ირკვევა, ლტოლვილთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა.

"შეიძლება ითქვას, რომ უკვე დილით იმიგრანტების რაოდენობა რამდენიმე ათეულს შეადგენს". – თქვა რანტანენმა. 

რანტანენის თქმით, სიტუაცია ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ქვეყანაში უკანონოდ შესვლის მსურველთა ნაკადი შეჩერდება.

14 დეკემბერს, ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტი გახსნა

გასული თვის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის საზღვარზე ყველა საკონტროლო-გამშვები პუნქტი დაკეტილი იყო.

28 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ფინეთი რუსეთიდან მგზავრობის მსურველებისთვის საზღვარს მთლიანად ჩაკეტავდა, რათა ლტოლვილთა დიდი ნაკადი შეეჩერებინა. ფინეთის მთავრობის განცხადებით, აღნიშნული ნაკადი მოსკოვის მიერ ხელოვნურად არის შექმნილი.

ნოემბრის თვეში რუსეთის მხრიდან ფინეთში 900-მდე მიგრანტმა შეაღწია. ისინი ძირითადად იემენის, კენიის, მაროკოს, პაკისტანის, სომალისა და სირიის მოქალაქეები არიან.

ფინეთის თქმით, რუსეთი მიგრანტების ნაკადს ფინეთის საზღვართან მისვლაში მიზანმიმართულად უწყობს ხელს, რაც ფინეთის NATO-ში გაწევრიანებაზე რუსეთის პასუხია.

რუსეთის საგარეო სამინისტრომ მიგრანტების გადაადგილებაში მოსკოვის ჩართულობის დაშვებას "ძალიან უცნაური" უწოდა. 

თავდაპირველად გამშვები პუნქტების ჩაკეტვას კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება "ღრმა მწუხარების გარდა, არაფერს იწვევს".

რუსეთის საგარეო სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ კი თქვა, რომ რუსეთი ფინეთის მიერ საზღვრების სრულ ჩაკეტვას პასუხს გასცემდა. თუმცა, ზახაროვას არ დაუზუსტებია, რა ზომების მიღებას გეგმავს მოსკოვი..

რუსეთისა და ფინეთის საზღვარზე სულ 9 სასაზღვრო გამშვები პუნქტია. 16 ნოემბერს ფინეთმა 4 პუნქტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, რის შემდეგაც 22 ნოემბრამდე ერთის გარდა ყველა დანარჩენი პუნქტი თანდათანობით დაიხურა. 

კომენტარები