ფინეთი-რუსეთი

ფინეთი რუსეთში საიდუმლო დოკუმენტების არალეგალურად შეტანის მცდელობას იძიებს

ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებული, დაახლოებით 30 ყუთი დოკუმენტაციის აღმოჩენის შემდეგ, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთში იგზავნებოდა, ფინეთის საბაჟო სამსახურმა ევროკავშირის სანქციების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაცია ფინეთის ხელისუფლებამ 17 აპრილს გაავრცელა.

"წინასწარი გამოძიება კონცენტრირებულია საარქივო დოკუმენტაციის დიდ რაოდენობაზე, რომლის გადატანაც რუსეთში იგეგმებოდა," - ნათქვამია ფინეთის საბაჟოს ეკონომიკური დანაშაულების გამოძიების განყოფილების განცხადებაში.

"გამოძიების ამ ეტაპზე დადგინდა, რომ დოკუმენტების ნაწილი შეიცავს ინფორმაციას, რომელიც ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ქვეშ არის მოქცეული," - ნათქვამია განცხადებაში.

ხელისუფლებამ დეტალების გამჟღავნება ამჟამად არ ისურვა, თუმცა დაადასტურა, რომ საქმეში ფიგურირებს ერთ-ერთი ფინური სამშენებლო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნულ პროექტთან. ფინეთის საბაჟოს არ დაუკონკრეტებია ის კომპანია, რომელიც საქმეში ფიგურირებს, თუმცა განმარტა, რომ ბრალდებაზე გადაწყვეტილება გამოძიების დასრულების შემდეგ იქნება მიღებული.

კომენტარები