ფინეთი-რუსეთი

ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტი გახსნა

Эхо Кавказа

ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტი გახსნა

როგორც ადგილობრივი მედია Yle წერს, იმ შემთხვევაში თუ ამ ტერიტორიებზე რუსეთიდან თავშესაფრის მაძიებლები საზღვრის გადაკვეთას შეეცდებიან, შესაძლოა, დაიხუროს ვაალიმაას და ნიირალას სასაზღვრო პუნქტები.

გაზეთი Helsingin Sanomat-ი ფინეთის მიგრაციის სამსახურის ხელმძღვანელზე, ანტი ლეტინენზე დაყრდნობით წერს, რომ სააგენტო თავშესაფრის 100-ზე მეტ განცხადებას დაჩქარებული წესით განიხილავს . ჯერჯერობით არცერთ მათგანზე დადებითი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. საერთო ჯამში, ფინეთში თავშესაფრის მაძიებელთა 4 ათასზე მეტ განაცხადს განიხილავენ.

გასული თვის განმავლობაში რუსეთისა და ფინეთის საზღვარზე ყველა საკონტროლო-გამშვები პუნქტი დაკეტილი იყო.

28 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ფინეთი რუსეთიდან მგზავრობის მსურველებისთვის საზღვარს მთლიანად ჩაკეტავდა, რათა ლტოლვილთა დიდი ნაკადი შეეჩერებინა. ფინეთის მთავრობის განცხადებით, აღნიშნული ნაკადი მოსკოვის მიერ ხელოვნურად არის შექმნილი.

ნოემბრის თვეში რუსეთის მხრიდან ფინეთში 900-მდე მიგრანტმა შეაღწია. ისინი ძირითადად იემენის, კენიის, მაროკოს, პაკისტანის, სომალისა და სირიის მოქალაქეები არიან.

ფინეთის თქმით, რუსეთი მიგრანტების ნაკადს ფინეთის საზღვართან მისვლაში მიზანმიმართულად უწყობს ხელს, რაც ფინეთის NATO-ში გაწევრიანებაზე რუსეთის პასუხია.

რუსეთის საგარეო სამინისტრომ მიგრანტების გადაადგილებაში მოსკოვის ჩართულობის დაშვებას "ძალიან უცნაური" უწოდა. 

თავდაპირველად გამშვები პუნქტების ჩაკეტვას კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება "ღრმა მწუხარების გარდა, არაფერს იწვევს".

რუსეთის საგარეო სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ კი თქვა, რომ რუსეთი ფინეთის მიერ საზღვრების სრულ ჩაკეტვას პასუხს გასცემდა. თუმცა, ზახაროვას არ დაუზუსტებია, რა ზომების მიღებას გეგმავს მოსკოვი..

რუსეთისა და ფინეთის საზღვარზე სულ 9 სასაზღვრო გამშვები პუნქტია. 16 ნოემბერს ფინეთმა 4 პუნქტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, რის შემდეგაც 22 ნოემბრამდე ერთის გარდა ყველა დანარჩენი პუნქტი თანდათანობით დაიხურა. 

კომენტარები