ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

პენსილვანიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი ანტისემიტიზმზე მიცემული ჩვენების გამო გადადგა

პენსილვანიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, ლიზ მეგილი
Haiyun Jiang/Bloomberg via Getty Images

9 დეკემბერს პენსილვანიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი ლიზ მეგილი კონგრესისთვის ანტისემიტიზმე მიცემული ჩვენების გამო უარყოფითი რეაქციების შემდეგ გადადგა

"მქონდა პრივილეგია, ამ შესანიშნავი ინსტიტუციის პრეზიდენტად მემსახურა. ჩემთვის პატივი იყო ჩვენს ფაკულტეტთან, სტუდენტებთან, სტაფთან, კურსდამთავრებულებთან და საზოგადოების წევრებთან პენსილვანიის უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი მისიების შესასრულებლად მუშაობა". – თქვა მეგილმა.

Axios-ის ცნობით, მეგილის მხარდამჭერი პენსილვანიის უნივერსიტეტის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე სკოტ გილი მალევე თავადაც გადადგა.

გამოცემის მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, 7 დეკემბერს პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის ბიზნესის სკოლის საბჭომ მეგილს გადადგომისკენ მოუწოდა. მას შემდეგ, რაც მეგილმა წერილს პასუხი არ გასცა, საბჭომ მასზე ზეწოლა გაზარდა. 

ასევე, უნივერსიტეტში ანტისემიტიზმის შესახებ მიცემული ჩვენების შემდეგ ლიზ მეგილის გადადგომის პეტიცია დაიწყო, რომელსაც ხელი დაახლოებით 23 000 ადამიანმა მოაწერა. 

აშშ-ს უნივერსიტეტების პრეზიდენტებს ანტისემიტიზმზე სუსტი პოზიციის გამო აკრიტიკებენ

5 დეკემბერს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში კამპუსებზე ანტისემიტიზმის პრობლემასთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა, სადაც ზემოხსენებული უნივერსიტეტების ხელმძღვანელების სუსტ ჩვენებას ბიზნეს ლიდერების, დონორებისა და პოლიტიკოსების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

კრიტიკის მთავარი სამიზნე კითხვაზე - წარმოადგენს თუ არა ებრაელების წინააღმდეგ გენოციდის მოწოდებები უნივერსიტეტების ყოფაქცევის კოდექსის დარღვევას - საგანმანათლებლო დაწესებულებების პრეზიდენტების პასუხი იყო. მათგან გამოკვეთილად არავის უთქვამს, რომ ებრაელების გენოციდისკენ მოწოდებები აუცილებლად ყოფაქცევის კოდექსის დარღვევად ჩაითვლებოდა.

კრიტიკის შემდეგ მეგილმა 6 დეკემბერს ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მისი ჩვენების ნაწილი ჩაასწორა.

"არ ვიყავი დაკვირვებული – მაგრამ უნდა ვყოფილიყავი – იმ უდავო ფაქტზე, რომ ებრაელების გენოციდისკენ მოწოდება ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ძალადობისკენ მოწოდებაა, რის ჩადენაც ადამიანებს შეუძლიათ. ეს ბოროტებაა, ძალიან მარტივად. მინდა ძალიან ცხადად ვთქვა, ებრაელების გენოციდისკენ მოწოდება მუქარაა – და თანაც სერიოზული. ის მიზნად ისახავს, დააშინოს ხალხი, რომლებმაც საუკუნეთა განმავლობაში პოგრომები, ზიზღი და ჰოლოკოსტის დროს მასობრივი გენოციდი გამოიარეს". – თქვა მეგილმა.  


7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის ტერორისტულ თავდასხმას ჰარვარდის 33 სტუდენტური ჯგუფისგან შემდგარ კოალიციაში გამოეხმაურნენ. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სტუდენტები ჰამასის თავდასხმაზე სრულ პასუხისმგებლობას ისრაელის "აპართეიდულ რეჟიმს" აკისრებდნენ. მათი თქმით, უკვე "75 წელია ისრაელის ძალადობა პალესტინელთა არსებობას" განსაზღვრავს. სტუდენტებმა ჰამასის თავდასხმაზე ისრაელის მოსალოდნელ პასუხს "კოლონიალური სამაგიეროს გადახდა" დაარქვეს და ჰარვარდის საზოგადოებას მოუწოდებენ გადადგას ნაბიჯები, რათა "პალესტინელების მიმდინარე განადგურება შეწყდეს".

კომენტარები