ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

აშშ-ს უნივერსიტეტების პრეზიდენტებს ანტისემიტიზმზე სუსტი პოზიციის გამო აკრიტიკებენ

ჰარვარდის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კლოდინ გეი, პენსილვანიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი ლიზ მაგილი, ამერიკის უნივერსიტეტის ისტორიის ლექტორი პამელა ნადელი და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის პრეზიდენტი სალი კორნბლათი მოსმენაზე კონგრესში, 5 დეკემბერი, 2023
Kevin Dietsch/Getty Images

ჰარვარდის, პენსილვანიისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პრეზიდენტებს სამშაბათს, 5 დეკემბერს, კონგრესთან მიცემული ჩვენების გამო მწვავედ აკრიტიკებენ.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში კამპუსებზე ანტისემიტიზმის პრობლემასთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა, სადაც ზემოხსენებული უნივერსიტეტების ხელმძღვანელების სუსტ ჩვენებას ბიზნეს ლიდერების, დონორებისა და პოლიტიკოსების კრიტიკა მოჰყვა.

კრიტიკის მთავარი სამიზნე კითხვაზე - წარმოადგენს თუ არა ებრაელების წინააღმდეგ გენოციდის მოწოდებები უნივერსიტეტების ყოფაქცევის კოდექსის დარღვევას - საგანმანათლებლო დაწესებულებების პრეზიდენტების პასუხი იყო. მათგან აშკარად არავის უთქვამს, რომ ებრაელების გენოციდისკენ მოწოდებები აუცილებლად ყოფაქცევის კოდექსის დარღვევად ჩაითვლებოდა.

ფაიზერის მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ალბერტ ბურლამ ჩვენებას "აშშ-ს აკადემიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გულის ამრევი მომენტი" უწოდა. ხოლო პენსილვანიის გუბერნატორმა ჯოშ შაპირომ ფილადელფიაში თქვა, რომ პენსილვანიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის ლიზ მაგილის განცხადებები "მიუღებელი" და "სამარცხვინოა".

კონგრესში უნივერსიტეტების წარმომადგენლების ჩვენებას მილიარდერი ბილ აკმანიც გამოეხმაურა, რომელმაც მანამდე ჰარვარდის უნივერსიტეტს იმ სტუდენტთა სახელების გასაჯაროება მოსთხოვა, რომლებმაც 7 ოქტომბერს ჰამასის ისრაელის თავდასხმის გამამართლებელ განცხადებას ხელი მოაწერეს. აკმანმა ჰარვარდის, პენსილვანიისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პრეზიდენტებს გადადგომისკენ მოუწოდა.

"ისინი სირცხვილის გრძნობით უნდა გადადგნენ. თუკი ჩვენი რომელიმე კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელი მსგავს პასუხებს გასცემდა, იგი იმავე საათში პრობლემაში გაეხვეოდა." - წერს აკმანი X-ზე. "მათ მიერ მიცემული პასუხები პრეზიდენტი კლოდინ გეის, ლიზ მაგილისა და სალი კორნბლათის მორალურ გაკოტრებას ასახავს".

საზოგადოებაში გამოწვეული მწვავე კრიტიკის გამო ჰარვარდისა და პენსილვანიის უნივერსიტეტებმა განცხადებები გაავრცელეს, რათა კონგრესთან მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით გაუგებრობას სიმართლე მოეფინათ.

კლოდინ გეი X-ზე გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, რომ ებრაული თემის, ან ნებისმიერი სხვა რელიგიური ან ეთნიკური ჯგუფის მიმართ ძალადობისა და გენოციდის მოწოდებები საშინელებაა, რომელთა ადგილიც ჰარვარდში არ არის და ვინც ჩვენს ებრაელ სტუდენტებს დაემუქრება, ამაზე პასუხს აგებს".

უნივერსიტეტის სიძულვილის ენის პოლიტიკის გადახედვისა და მასში სიცხადის შეტანის პირობას დებს ლიზ მაგილიც: "არ ვიყავი დაკვირვებით - და უნდა ვყოფილიყავი - რომ ებრაელების გენოციდისკენ მოწოდება ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ძალადობისკენ მოწოდებაა, რისი ჩადენაც ადამიანებს შეუძლიათ. ეს ბოროტებაა, ძალიან მარტივად." - ამბობს მაგილი. "მინდა რომ ეს ცხადი იყოს: ებრაელი ხალხის გენოციდისკენ მოწოდება, დაშნებად და შევიწროებად ჩაითვლება".


7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის ტერორისტულ თავდასხმას ჰარვარდის 33 სტუდენტური ჯგუფისგან შემდგარ კოალიციაში გამოეხმაურნენ. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სტუდენტები ჰამასის თავდასხმაზე სრულ პასუხისმგებლობას ისრაელის "აპართეიდულ რეჟიმს" აკისრებდნენ. მათი თქმით, უკვე "75 წელია ისრაელის ძალადობა პალესტინელთა არსებობას" განსაზღვრავს. სტუდენტებმა ჰამასის თავდასხმაზე ისრაელის მოსალოდნელ პასუხს "კოლონიალური სამაგიეროს გადახდა" დაარქვეს და ჰარვარდის საზოგადოებას მოუწოდებენ გადადგას ნაბიჯები, რათა "პალესტინელების მიმდინარე განადგურება შეწყდეს".

კომენტარები