ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

აბასის აზრით, გაეროში აშშ-ს ვეტო მას ისრაელის "ომის დანაშაულების" თანამონაწილედ აქცევს

მაჰმუდ აბასი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის აზრით, აშშ-ს მიერ გაეროს უშიშროების საბჭოში ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარდგენილ რეზოლუციის პროექტზე დადებული ვეტო ვაშინგტონს ისრაელის "ომის დანაშაულების" თანამონაწილედ აქცევს.

"პრეზიდენტმა ამერიკის პოზიცია შეაფასა როგორც აგრესიული, ამორალური და ჰუმანიტარული ღირებულებებისა და პრინციპების უხეშად დამრღვევი". - წერია აბასის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აბასის თქმითვე, ღაზის სექტორში პალესტინელი ბავშვების, ქალებისა და მოხუცების სიკვდილზე პასუხისმგებლობას აშშ-ს აკისრებს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს ღაზაში ისრაელსა და ჰამასს შორის ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვეტო 8 დეკემბერს დაადო.

გადაწყვეტილებას გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც, რომელმაც გააკრიტიკა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოში წარდგენილ რეზოლუციის პროექტზე აშშ-ს მიერ ვეტოს დადება და თქვა, რომ საბჭო რეფორმირებას საჭიროებს.

კომენტარები