დღეს, 30 ნოემბერს, იერუსალიმში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაზე, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 6 კი დაშავდა, პასუხისმგებლობა ჰამასის ტერორისტულმა ორგანიზაციამ აიღო.
გავრცელებულ განცხადებაში, ტერორისტული დაჯგუფება ორ თავდამსხმელს აქებს და "ჯიჰადში მებრძოლ წამებულებად" მოიხსენიებს.
30 ნოემბერს იერუსალიმში, ავტობუსის ერთ-ერთ გაჩერებაზე, მანქანა გაჩერდა, რომლიდანაც ორი ტერორისტი გადმოვიდა და მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. 24 წლის ქალი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ორი მძიმედ დაშავებული პირი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალნენ.
პოლიციის თქმით, ორივე თავდამსხმელი ადგილზევე მოკლეს. ისინი შეიარაღებულმა მოქალაქემ და ორმა პოლიციელმა (რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდნენ) გაანეიტრალეს.
შინ ბეთის ინფორმაციით, თავდამსხმელები ჰამასის წევრები იყვნენ და ერთ დროს ტერორისტული საქმიანობის გამო ციხეშიც იმყოფებოდნენ.
მომხდარს ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი ბენ გვირი გამოეხმაურა. მისი თქმით, თავდასხმაზე ჰამასის მხრიდან პასუხისმგებლობის აღებით, მათ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს.
"ცალი ხელით ჰამასი შეთანხმებას აწერს ხელს, მეორით კი იერუსალიმში ებრაელებს ხოცავს." - თქვა ბენ გვირმა. მან დაამატა, რომ "ეშმაკებთან შეთანხმებების დადებას უნდა მოვეშვათ და, იშვიათი სიძლიერით, ბრძოლას დაუყოვნებლივ უნდა დავუბრუნდეთ".