ყაზახეთი

ალმათიში ჰოსტელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

ფოტო შემთხვევის ადგილიდან
Orda.kz

ალმათიში ჰოსტელში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპა 13 ადამიანი.

ჰოსტელი სამსართულიან შენობაში იყო განთავსებული, ცეცხლი სარდაფში გაჩნდა, რომელშიც ძირითადად სტუდენტები ცხოვრობდნენ. 

სამაშველო სამსახურმა სარდაფში 13 ადამიანის სხეული იპოვა, სიკვდილის მიზეზი დიდი ალბათობით მხუთავი აირით დახრჩობა გახდა.

ხანძრის გაჩენის მომენტში ჰოსტელში სულ 72 ადამიანი იმყოფებოდა, 59-მა მათგანმა ევაკუაცია საკუთარი ძალებით შეძლო.

ყაზახეთში სტუდენტური საერთო საცხოვრებლების სიმცირის გამო სტუდენტების ნაწილი ჰოსტელებში დაასახლეს. 

13 დაღუპულიდან 9 ყაზახეთის, 2 რუსეთისა და 2 უზბეკეთის მოქალაქეა. მსხვერპლთა ასაკი 25-დან 30-დე მერყეობს.

შექმნილია საგანგებო სამთავრობო კომისია, რომელიც ხანძარს გამოიძიებს, ასევე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

 

კომენტარები