ყაზახეთი

ყაზახეთის მოსახლეობამ პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას მხარი დაუჭირა

ფოტო: A. Weiskopf/DW

ყაზახეთის მოქალაქეებმა რეფერენდუმის გზით ყაზახეთში პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას მხარი დაუჭირეს. ატომური ელექტროსადგური არამარტო ყაზახეთში, არამედ მთლიან ცენტრალურ აზიაშიც პირველი იქნება. რეფერენდუმი 6 ოქტომბერს ჩატარდა, შედეგები კი კომისიამ 7 ოქტომბერს გამოაცხადა.

კომისიის მონაცემებით, რეფერენდუმში მონაწილეობა ჯამში 7 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო, კერძოდ, მოსახლეობის 63.66%-მა, რაც 7 820 204 ამომრჩეველს შეადგენს.

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, რომელმაც თავადაც მიიღო რეფერენდუმში მონაწილეობა, ატომური ელექტროსადგურის აშენების გეგმას "დამოუკიდებელი ყაზახეთის ისტორიაში ყველაზე დიდი პროექტი" უწოდა.

პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ატომური ელექტროსადგურის აშენებას „ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე გლობალური კომპანიების კონსორციუმის მიერ“. ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის კონტრაქტისთვის საფრანგეთის, რუსეთის, ჩინეთის და სამხრეთ კორეის კომპანიები იბრძვიან.

ყაზახეთის მთავრობის შეფასებით, ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა დაახლოებით 12 მილიარდი დოლარი დაჯდება.

კომენტარები