ყაზახეთი

ყაზახეთის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად 7 მაღაროელი დაიღუპა

orda.kz

17 თებერვალს, ყაზახეთში, ჟანაარკინის რაიონში, ჟომართის მაღაროში უბედური შემთხვევა მოხდა.

მაღაროში ბუნებრივი აირის აფეთქება მოხდა, რასაც მთის მასის ჩამოწოლა მოჰყვა. უბედურ შემთხვევას 7 მაღაროელის სიცოცხლე შეეწირა.

"წინასწარი მონაცემებით, მოხდა ბუნებრივი აირის აფეთქება, რაც არ არის დამახასიათებელი კორპორაცია ყაზახმისის მაღაროებისთვის". – წერს მაღაროს მფლობელი კომპანია ყაზახმისი.

ყაზახეთის პრემიერმინისტრის, ოლჟას ბეკტენოვის ბრძანებით, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც მაღაროში მომხდარ უბედურ შემთხვევას გამოიძიებს. კომისიას პრემიერმინისტრის მოადგილე კანატ ბოზუმბაევი უხელმძღვანელებს.

მაშველებს დაღუპულთა სხეულების ამოტანა 1500 მეტრის სიღრმიდან მოუწევთ. 

დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა.

კომენტარები