ყაზახეთი BRICS-ში გაწევრიანებას უახლოს მომავალში არ გეგმავს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ბერიკ უალიმ სააგენტო Tengrinews-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
"ამჟამად და, დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში, ყაზახეთი BRICS-ში განაცხადის შეტანისგან თავს შეიკავებს, კერძოდ, გაწევრიანების საკითხის განხილვის მრავალსაფეხურიანი პროცესისა და ამ ასოციაციის განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებული სხვა საკითხების გათვალისწინებით".- თქვა სახელმწიფო მეთაურის მდივანმა.
უალის თქმით, BRICS-ში გაწევრიანების წინადადებები სახელმწიფოს მეთაურმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა "ყაზახეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით" განიხილა. როგორც პრესმდივანი აღნიშნავს, ჯერჯერობით, თოყაევი პრიორიტეტს გაერო-ს "როგორც უნივერსალურ და უალტერნატივო ორგანიზაციას ანიჭებს, რომელშიც უნდა განიხილებოდეს ყველა მიმდინარე საერთაშორისო პრობლემა".
რაც შეეხება BRICS-ს, თოყაევმა აღნიშნა, რომ ის "ამ ასოციაციას ევოლუციას ინტერესით ადევნებს თვალს" და 24 ოქტომბერს დაგეგმილ ბლოკის სამიტში მონაწილეობის მიღებას გეგმავს. ალიანსის შემდგომ გაფართოებაზე წევრი ქვეყნები, სავარაუდოდ, 22-24 ოქტომბერს რუსეთში, ყაზანში დაგეგმილ სამიტზე იმსჯელებენ
ცნობისთვის, BRIC ეკონომიკური ალიანსი 2006 წელს ბრაზილიის (B), რუსეთის, (R), ინდოეთისა (I) და ჩინეთის (C) ინიციატივით შეიქმნა. მოგვიანებით, 2010 წელს ორგანიზაციას სამხრეთ აფრიკაც (S) შეემატა, რის გამოც დღეს ალიანსს BRICS ეწოდება.
2024 წლის იანვარში ორგანიზაციაში გაწევრიანდნენ ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროებიც. როგორ შეიცვლება ალიანსის სახელი, ჯერჯერობით უცნობია.